პოლიციამ გამოცემა „პუბლიკის" დირექტორი ზურა ვარდიაშვილი დააკავა

ზურა ვარდიაშვილის დაკავება

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ გამოცემა „პუბლიკის" დირექტორი ზურა ვარდიაშვილი დააკავა. როგორც „პუბლიკის" ახალი ამბების რედაქტორი ნათია ამირანაშვილი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, დაკავების მომენტში ისინი ერთად იდგნენ და ვითარებას აკვირდებოდნენ.

„ზურა უბრალოდ იდგა - ხან ჩემ გვერდით იყო, ხან ოდნავ წინ წავიდოდა. როგორც კი დავასრულე გადაღება და მივბრუნდი, ქუჩაზე უნდა ავსულიყავი და ვხედავ, რომ ზურას აკავებენ. არავის განმარტება ჩვენთვის არ უთქვამს. მიათრევდნენ. ადამიანი უბრალოდ ჩემ გვერდით იდგა და აკვირდებოდა სიტუაციას", - ამბობს ამირანაშვილი.

„პუბლიკის" თანადამფუძნებელი ლიკა ზაკაშვილი ჰყვება: „გამოვედით, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ვსკანდირებდით: „არა რუსულ კანონს!" "შულავერის კომიტეტი!" "მოღალატეებო!" და პოლიციელი გააღიზიანა ამ მიმართვამ, არ მოეწონა ეს პოლიციელ სირაძეს, მივარდა, მოჰკიდა ხელი და გამოათრია. ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. აღიზიანებთ თავისუფალი ადამიანები, აღიზიანებთ კრიტიკული სიტყვა", - ამბობს ლიკა ზაკაშვილი.

ზურა ვარდიაშვილის გარდა, პარლამენტთან დააკავეს "ტაბულის" რეპორტიორი ბექა ჯიქურაშვილიც.

ჟურნალისტების დაკავებაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლის დაკავებას და პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას.

"ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (154-ე მუხლი) დარღვევა და დანაშაულია. დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა", - აცხადებენ ქარტიაში.

დაკავებები იყო მანამდეც - შსს-ში განაცხადეს, რომ ადმინისტრაციული წესით თავდაპირველად 4 ადამიანი დააკავეს.

ასევე ნახეთ პარლამენტთან აქციის 4 მონაწილე დააკავეს

საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეთა დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან გადაინაცვლეს და განაცხადეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს "სირცხვილის დერეფანს" მოუწყობდნენ.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის მოწოდების შემდეგ დაიწყო.

დემონსტრანტები „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ.

საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი სხდომიდან ოპოზიციის დეპუტატების ნაწილი იძულებით გაიყვანეს პარლამენტის მანდატურებმა. ამასთან, დასწრების საშუალება არ მისცეს სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლების დიდ ნაწილს.

პროტესტის მიუხედავად, კომიტეტების სხდომა გაგრძელდა. საქართველოს პარლამენტის შენობაში და გარეთ არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები აქციას მართავენ.

პარლამენტში ისმის სკანდირება: "არა რუსულ კანონს!", "მონებო!", "აღარ მოღალატეებს!"

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ამავე სახელწოდების ბაზაში.

კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგიური იქნებოდა - ეს კანონპროექტი სახელწოდებით "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" პარლამენტში 27 თებერვალს დარეგისტრირდა.