ლაშა ტუღუში: „აგენტებზე“ კანონპროექტი პრინციპულად რუსულის იდენტურია

პროფესორმა ლაშა ტუღუშმა პარლამენტში „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, რომ ის პრინციპულად რუსული კანონის იდენტურია.

„არსებობს უცხოური დაფინანსება, ვინც იღებს არის „иноагент“ [უცხოეთის აგენტი], ამიტომ პირველ ნაბიჯად [რუსეთში] გააკეთეს მათ რეესტრი, სადაც შეიყვანეს ყველა, ვინც იღებდა დაფინანსებას. ამ სამ ელემენტს ზუსტად ერთი-ერთში იმეორებთ“, - თქვა ტუღუშმა საგარეო ურთიერთობისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

ლაშა ტუღუშის აზრით, ამ კანონის მიღებით, ევროპა საქართველოს კარებს დაუკეტავს.

„რა თქმა უნდა, ეს კანონი დამაზიანებელია. იქიდან გამომდინარე, რომ ათობით ათასი მოქალაქე ამ ქვეყნის იღებს უცხოურ დაფინანსებას, მათ უძახით გავლენის აგენტებს... ორგანიზაციების უკან ადამიანები დგანან“, - თქვა ტუღუშმა.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ამავე სახელწოდების ბაზაში.

კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგიური იქნებოდა - ეს კანონპროექტი სახელწოდებით "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ", პარლამენტში 27 თებერვალს დარეგისტრირდა.

"ქართული ოცნება" და "ხალხის ძალა" ამბობენ, რომ "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონი საჭიროა ფინანსების გამჭვირვალობისთვის, ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი კი მიიჩნევენ, რომ ეს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და კრიტიკული ხმის "მოგუდვის" მცდელობაა.