საქართველოს პარლამენტის შენობაში და გარეთ სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის - "ხალხის ძალის" - კანონპროექტის განხილვას, რომელიც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უნდა დაიწყოს.
"ჩვენი არჩევანი არ არის აქ დგომა. ახლა უნდა ვემსახურებოდეთ იმ ადამიანებს, ხანდაზმულებს, ქალებს და ბავშვებს, ვისთვისაც დღე და ღამე ვმუშაობთ, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ დღეს ჩვენი პარლამენტის შენობაში უნდათ დაიწყონ დიდი, რუსული კედლის მშენებლობა, რომლის მიზანიცაა საქართველო ევროპულ მიზანს ჩამოაცილონ...
ეს კანონპროექტი სპობს ჩვენი ქვეყნის და ხალხის შესაძლებლობას, გავაძლიეროთ ერთმანეთი და ქვეყანა. ამ კანონპროექტით პარლამენტს უნდა დასმენების და რეპრესიების დროში დაგვაბრუნოს. რუსული კანონპროექტი მტრულად წარმოაჩენს ჩვენს მეგობრებს, ვისთან ერთადაც ამ ქვეყანას ვაშენებდით", - თქვა სამოქალაქო აქტივისტმა ნანა ბაგალიშვილმა, რომლის მონაწილეობითაც დაფუძნდა წნორში "ცოდნის კაფე".
პარლამენტში, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზთან კი ისმის სკანდირება: "არა რუსულ კანონს!", "მონებო!", "აღარ მოღალატეებს!"
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დასწრების საშუალება არ ეძლევათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ამავე სახელწოდების ბაზაში.
კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ჩაატაროს კვლევა. "უცხოური გავლენის აგენტად" რეგისტრაციისთვის თავის არიდების ან დეკლარაციის არშევსებისთვის ორგანიზაცია 25 ათასი ლარით დაჯარიმდება.
კანონპროექტის პირველი ვერსიის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგი იქნებოდა. "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" მეორე კანონპროექტი პარლამენტში 27 თებერვალს დარეგისტრირდა.
"ხალხის ძალის" განცხადებით, მათ "ქართულ ოცნებასთან" ერთად გადაწყვიტეს, რომ კანონპროექტის ორივე ვერსიას ვენეციის კომისიას შეაფასებინებენ და ივნისის ბოლომდე ერთ-ერთ მათგანს დაამტკიცებენ, თუმცა ვენეციის კომისიაში გაგზავნამდე, კანონპროექტები პირველი მოსმენით მიღებული ექნებათ.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი არის "რუსული კანონი, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და ამავდროულად ხელი შეუშალოს ქართველებს, საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ".