ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ირენ ფელინს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ. გარდა ამისა, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონში არსებულ რთულ ვითარებას, ასევე - ვილნიუსში დაგეგმილ NATO-ს სამიტს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ვილნიუსის სამიტზე საქართველო უმაღლესი დონით იყოს წარმოდგენილი.
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარება.
„შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის საკითხების განხილვისას აღინიშნა, რომ ქალთა გაძლიერება განათლების დონის ამაღლებით უნდა განხორციელდეს. პრეზიდენტმა სტუმარი თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც ივლისში ჩატარდება. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კონფერენციაში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობაში.