„უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის საკითხზე EU-ს ელჩები პაპუაშვილს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის წევრი 19 ქვეყნის ელჩები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, შეხვდნენ. დიპლომატები უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს სპიკერს „უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის საკითხზე ესაუბრნენ. როგორც პაპუაშვილმა თქვა, მათ ილაპარაკეს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის" ორივე კანონპროექტის შესახებ.

„გვქონდა საუბარი, მათ შორის იმ წუხილზე, რომელზეც ღიად არის გამოთქმული, რომ არ მოხდეს ისეთი მოწესრიგება, რამაც შეიძლება, გარკვეული ჩრდილი მიაყენოს ამა თუ იმ აქტორებს. ჩვენ ამაზე სხვა დროსაც გვქონდა საუბრები. გვესმის, ასეთი წუხილები შეიძლება იყოს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ხდება თავად დისკუსიის სტიგმატიზება. ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც ამერიკული კანონის პირდაპირი ასლი დაინიცირდა, ამასაც კი დაარქვეს არაამერიკული და რუსული", - უთხრა შეხვედრის შემდეგ მედიას პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე დიდი დრო დაუთმეს გამჭვირვალობის საკითხს.

„არის ურთიერთგაგება, რომ გამჭვირვალობა იმ აქტორებთან დაკავშირებით, ვინც ჩართული არის პოლიტიკური გადაწყვეტილების ფორმირებასა და მიღებაში, მათ მიმართ გამჭვირვალობის მოთხოვნა ჩვენს მოქალაქეებს აქვთ. რა თქმა უნდა, პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ ეს უფლება რეალიზდეს", - აღნიშნა მან.

როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, კანონპროექტები ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. „ვუთხარით, რომ ჩვენ ვენეციის კომისიაში გავაგზავნით ორივე კანონპროექტს და დაველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებებს. ამასობაში არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ სხვა მსჯელობაც იყოს. მე იმედი მაქვს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ, ნაცვლად იმისა, რომ თავად დისკუსიის სტიგმატიზება და ტაბუირება მოახდინოს, პირიქით აჩვენოს, თუკი ისინი თავს ძლიერად გრძნობენ, რომ არიან აქტიურები ამ საკითხებში", - თქვა პაპუაშვილმა.

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, ელჩებთან შეხვედრისას თუ გაგიჩნდათ განცდა, რომ ამ კანონპროექტის მიღების პროცესი, თუნდაც კომიტეტებში განხილვის დაწყება და ის, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის კანონპროექტები მიიღოს პირველი მოსმენით, შეუშლის ხელს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში და იქნება თუ არა ეს უკანგადადგმული ნაბიჯი, პაპუაშვილმა უპასუხა: „არა მგონია. ეს კანონი ჯერ მიღებული არ არის. მნიშვნელოვანია ის რა სახეს მიიღებს საბოლოო ჯამში. ამიტომაც ველოდებით ვენეციის დასკვნას. ჩვენ ამოვდივართ სწორედ ამ პრინციპებიდან, მისწრაფებებიდან, ღირებულებებიდან და მიზნებიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს და ამის მიხედვით ვმოქმედებთ. ყველა ამ პრინციპთან, ღირებულებასთან, მისწრაფებასთან, ევროინტეგრაციასთან და ა.შ. აბსოლუტურად თავსებადი კი არა, ძირითადი პრინციპი არის გამჭვირვალობა".

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიას უთხრა, რომ ეს არ იყო მარტივი შეხვედრა.

ასევე ნახეთ არ იყო მარტივი საუბარი - ევროკავშირის ელჩი „გავლენის აგენტების“ კანონპროექტზე პარლამენტის სპიკერს შეხვდა

პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, შეხვედრაზე პარლამენტის სპიკერს მიაწოდეს გზავნილი, რომ ინიციატივა არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს. ამასთან მისგან მოისმინეს არგუმენტებიც.

ასევე ნახეთ ვინ ჩაითვლება "უცხოური გავლენის აგენტად" - "ხალხის ძალის" კანონპროექტი

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.

მოგვიანებით "ხალხის ძალამ" ალტერნატიული კანონპროექტის სახით წარმოადგინა მეორე ინიციატივა, რომელიც, მათი თქმით, არის პირდაპირი თარგმანი ამერიკული კანონისა „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“.

აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად. მოგვიანებით კანონმა სახეცვლილება განიცადა, მისი მოქმედების არეალი დავიწროვდა და ახლა ის ძირითადად უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებს და ლობისტებს შეეხება.

ასევე ნახეთ პრაისი: "უცხოური გავლენის აგენტობის" დაკანონებამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას 

საქართველოს პრეზიდენტმა პროექტზე, რომელსაც რუსულ კანონპროექტს უწოდებენ, განაცხადა: „კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც ახლა იხილება. არ შევალ ამ კანონის განხილვაში, ვეტოს ყოველ შემთხვევაში დავადებ. მე არ მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ ის მუხლი ან ეს მუხლი არ ვარგა. ეს კანონი პირდაპირ არის მიღებული იმისთვის, რომ დაგვაშოროს ევროპისგან და ამდენად, ჩემთვის არის მიუღებელი".

ასევე ნახეთ პრეზიდენტი "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტზე ვეტოს დადებას აპირებს

საპარლამენტო უმრავლესობას ("ქართულ ოცნებას" და "ხალხის ძალას") პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძლია.

ასევე ნახეთ პარლამენტში ორი კანონპროექტია "უცხოეთის აგენტებზე" - რას აპირებს მედია?