შტურმზე გაუშვეს მობილიზებულები, რომლებმაც პუტინისადმი მიმართვა ჩაწერეს

კადრი 1439-ე პოლკში მობილიზებულების ვიდეომიმართვიდან

ირკუტსკელი მობილიზებულები, რომლებმაც სამჯერ მიმართეს რუსეთის პრეზიდენტს მოიერიშე დანაყოფებიდან ტერიტორიულ თავდაცვაში გადაყვანის თხოვნით, შეტევით პოზიციებზე გაგზავნეს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის მახლობლად. ინფორმაციას რადიოს თავისუფლების პროგრამა Сибирь.Реалии ავრცელებს, სამხედრო მოსამსახურეების ნათესავებსა და გამოცემა "Люди Байкала"-ზე დაყრდნობით.

თებერვლის დასაწყისში და ბოლოს 1439-ე პოლკში მობილიზებულებმა ვიდეოები ჩაწერეს, რომლებითაც რუსეთის მთავრობას და ვლადიმირ პუტინს მიმართავდნენ. სამხედრო მოსამსახურეების სიტყვებით, ისინი ე.წ. "დნრ-ის" სარდლობაში უკანონოდ გადაიყვანეს, მათგან თავდამსხმელი ქვედანაყოფები შექმნეს და "სასაკლაოზე" გაგზავნეს. ამის შესახებ გამოცემა "Люди Байкала" იტყობინებოდა.

მესამე მიმართვა მობილიზებულების ცოლებმა მთავარ სამხედრო პროკურატურას გადასცეს.

26 თებერვალს, სამხედროების მეორე ვიდეომიმართვიდან მომდევნო დღეს, ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა იგორ კობზევმა განაცხადა, რომ სამხედრო პროკურატურას განმარტება სთხოვა და პირობა დადო, რომ მობილიზებულებს უახლოეს დღეებში სამსახურისთვის სხვა ადგილას გადაიყვანდნენ.

მსგავსი ვიდეომიმართვა სამხედრო პროკურატურასა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტიუმენის რეგიონიდან მობილიზებულებმაც გაუგზავნეს. ისინი ჩიოდნენ, რომ ფრონტის ხაზზე მოუმზადებლები გაგზავნეს.

მობილიზებული რუსი სამხედროები ცუდ პირობებს, საბრძოლო მასალის ნაკლებობას და სარდლობის მხრიდან ძალადობას უჩივიან. ზოგიერთმა მათგანმა უარი თქვა უკრაინაში ბრძოლის გაგრძელებაზე.

მანამდე BBC-ის რუსული სამსახური იტყობინებოდა, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში უკრაინაში ომში დაღუპულთა უმრავლესობა მობილიზებულები, მოხალისეები და პატიმრები არიან. საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან ჟურნალისტებმა მოახერხეს 15 ათასზე მეტი რუსი სამხედროს დაღუპვის დადასტურება, მათგან ათასზე მეტი მობილიზებული იყო.