რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის „უშიშროების საბჭოს მდივანმა“ სერგეი შამბამ სოხუმში გამართულ კონფერენციაზე, რომლის სახელწოდებაც იყო „სპეციალური სამხედრო ოპერაცია, როგორც მსოფლიო და რეგიონული პოლიტიკის ფაქტორი“, განაცხადა, რომ ახლა ისინი ბევრად არიან დამოკიდებული საქართველოს შიდაპოლიტიკურ კონიუნქტურაზე.
„საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობაში ნეიტრალიტეტი უკავია. მეტიც, ის აქტიურ წინააღმდეგობას უწევს უკრაინის ხელისუფლების და თავისი ოპოზიციის მცდელობებს, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას მოითხოვს“, - განაცხადა მან.
შამბას თანახმად, „ენგურს მიღმა მეზობლის“ ამგვარი პოლიტიკის უკან რუსოფილია და ურთიერთობების ნორმალიზების სურვილი არ დგას. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ეს საქციელი განპირობებულია წმინდა პრაგმატული მიზეზებით.
„თუმცა ვინ თქვა, რომ არსებული ზეწოლის შედეგად საქართველოს ხელმძღვანელობა არ შეიცვლება ანტირუსული რადიკალებით ან თავად გახდება იძულებული გახსნას მეორე ფრონტი“, - იკითხა შამბამ.
მანვე დაამატა, რომ „აფხაზეთი“ რამდენიმე საკითხზე უნდა კონცენტრირდეს.
„პირველ რიგში, ჩვენ ყურადღებით უნდა შევამოწმოთ ჩვენი არმიის სამობილიზაციო შესაძლებლობები, შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის მიერ უკვე გაცემულია. მეორეც, რაც შეიძლება მალე უნდა მომზადდეს შეიარაღებული ძალების რეფორმის კონცეფცია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გადაიარაღების, ჯარის უახლესი ტიპის იარაღითა და სამხედრო ტექნიკით აღჭურვის საკითხებს. მესამე, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის ახალი რეგიონების მხარდაჭერის პოლიტიკას - დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების“, - განაცხადა შამბამ
მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ თქვა, რომ „საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია“.
ასევე ნახეთ სჭირდება თუ არა დასავლეთს საქართველოს "ომში ჩათრევა"? - არგუმენტები და კონტრარგუმენტებიგანცხადებებს დასავლეთის მიერ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობების შესახებ საქართველოშიც აკეთებენ პოლიტიკოსები - ძირითადად ამ საქმით მმართველი პარტიის რიგებიდან "სიმართლის სათქმელად" გასული დეპუტატები არიან დაკავებული. მათ მიერ დაფუძნებული მოძრაობის, "ხალხის ძალის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფინანსური დახმარება, რომელსაც ვაშინგტონი საქართველოს უწევდა და დღემდე უწევს, ფაქტობრივად, მიზნად ისახავს ამერიკელი აგენტების გაძლიერებას, ქვეყანაში დემოკრატიის საფუძვლის შელახვას და "მეორე ფრონტის" გახსნას.
ამერიკის საელჩომ არაერთხელ უარყო საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნის მცდელობებში მონაწილეობა და საქართველოს შეახსენა, რომ ქვეყნის მტერი არა შეერთებული შტატები, არამედ რუსეთია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ რუსეთთან ომი არ იქნება.