მანუშაკა ცოცხალია

ავტორი: ანა ჯიქურიძე

თუ მკითხავთ რომელია ის ერთადერთი წიგნი სიყვარულის თემაზე, რომელმაც სამუდამო კვალი დატოვა თქვენს სულიერ სამყაროზეო, დაუფიქრებლად გიპასუხებთ, რომ თემურ ბაბლუანის მიერ შექმნილმა სამყარომ და პერსონაჟებმა რომანში “მზე, მთვარე და პურის ყანა.”

ახლა რატომღაც ძალიან მომინდა იმ ჭეშმარიტ და ძლიერ სიყვარულზე წერა, რომელიც ყოველ დღე ძალას გვაძლევს და ამ რთულ ცხოვრებას გვაყვარებს. ბევრს არ სჯერა ნამდვილი სიყვარულის, თუმცა მე მათ რიგებში ნამდვილად არ ვარ. მე ყოველთვის მწამდა ისეთი სიყვარულის, რომელიც მანუშაკას ასულდგმულებდა და რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში, ყოველ დღე უცდიდა და ბოლოს მოაკითხა კიდეც. სამწუხაროდ, ამბის ბოლოს მანუშაკა იღუპება უბედური შემთხვევის გამო, თუმცა ჩემს გულში ის მუდამ ცოცხალი იქნება.

მაინც რას გვასწავლის მანუშაკას სიყვარულის ისტორია? ჩემი აზრით საკმაოდ ბევრ რამეს. პირველ რიგში ალბათ იმას, რომ სიყვარულია ის ძლიერი და ერთადერთი გრძნობა, რომელიც ამ ტრაგიკული ცხოვრების დროს ყოველ დღე სულიერ სიმხნევეს გვმატებს, გვაიძულებს ცხოვრება გავაგრძელოთ და თან შევიყვაროთ ის. ალბათ იმასაც გვეუბნება, რომ სიყვარულის ხათრით და იმედით ძალიან დიდი ტკივილისა თუ გასაჭირის მოთმენა და ატანა შეგვიძლია. სიყვარულზე მეტად ადამიანური გრძნობა ამქვეყნად უბრალოდ არ არსებობს, რადგან ეს არის ის, რაც წლების განმავლობაში ამ ცხოვრებისგან დაზიანებულ ჩვენს შინაგან სამყაროს ბავშვური, სუფთა და ლაღი სულიერების ელფერს უნარჩუნებს. ამიტომაც ყველაზე ადამიანურები მაშინ ვართ, როდესაც გვიყვარს. უბრალოდ ვიღაც უნდა იყოს ჩვენი სიყვარულის ობიექტი და ეს სავსებით საკმარისია გაადამიანურებისთვის.

ადამიანი რომ ადამიანობდეს, პირველ რიგში, ყოველდღიური ყოფის ელემენტარულ დეტალებს უნდა აღიქვამდეს და განიცდიდეს. სწორედ ამ დროს ვართ ყველაზე მეტად ცოცხლები მთელი ჩვენი არსებით, რადგან ჩვენ შეგვიძლია შევიგრძნოთ და შევისისხლხორცოთ ის ემოციები და ენერგეტიკა, რასაც გარე სამყარო ამა თუ იმ დროს გვთავაზობს. შესაბასამისად, ჩემთვის ადამიანობა ნიშნავს უნარს აღიქვა სამყარო ისეთი, როგორიც არის და მაინც გიყვარდეს ის. სიყვარული კი გარე სამყაროში ჰუმანური, სწორი და ადეკვატური იმპულსების გაგზავნის მაპროვოცირებელია.

მანუშაკა კი სწორედ ასეთი იყო. მას უყვარდა და ის იყო ცოცხალი ყოველ დღე, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება სასტიკად მოექცა. ეს მის გაუტეხელ და ჯიუტ ხასიათშიც ჩანს, რადგან მას სიცოცხლის ბოლო წუთამდე თავისი ჭეშმარიტი სიყვარულის გრძნობა შენარჩუნებული ჰქონდა. მე თუ მკითხავთ ამ სამყაროში იღბალი სწორედ შეყვარებული ადამიანის მხარესაა, რადგან ის გვანიჭებს ზებუნებრივ ძალას ამტანობისთვის, გაუტეხელობისთვის, საოცარი სიმამაცისთვის და ამ ცხოვრების სიტკბოების შეგრძნებისთვის. მანუშაკა და მისი სიყვარულის ობიექტი კი ამ დიადი გრძნობის განსხეულებები არიან და რაც არ უნდა ტრაგიკულად გამოიყურებოდეს მათი ისტორია, ისინი ყოველ დღე მაინც ბედნიერები იღვიძებდნენ და იძინებდნენ, რადგან მათ უბრალოდ იცოდნენ ერთმანეთის არსებობის შესახებ და ეს მათთვის საკმარისი იყო.

ჭეშმარიტი სიყვარული სწორედ ასეთი წარმომიდგენია.