სანქტ-პეტერბურგის აეროპორტი თვითმფრინავებს ვერ იღებს. ქალაქის თავზე ცა დაიხურა

საილუსტრაციო ფოტო არქივიდან

სანქტ-პეტერბურგის ცა პულკოვოს რაიონში უცნობი ობიექტის გამო დაკეტილია, განუცხადეს სააგენტო "რია ნოვოსტის" ქალაქის საგანგებო სამსახურში.

სანქტ-პეტერბურგის თავზე საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ პირველად ტელეგრამის არხებმა Baza-მ და "112-მა" დაწერეს. Baza-ს მონაცემებით, ტერიტორიაზე მოქმედებს ე.წ. ხალიჩის გეგმა, რომელიც საჰაერო სივრცეში ამოუცნობი მფრინავი ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში ირთვება. "112" ირწმუნება, რომ ამ გეგმის ამოქმედების შემთხვევაში ყველა საფრენი აპარატი, გარდა სამხედრო და სამაშველოსი, მიწაზე უნდა დაეშვას.

Baza-ს თანახმად, აფრინდა ავიაგამანადგურებლებიც, საჰაერო სივრცე კი 200 კილომეტრის რადიუსში დაიხურა. "112-ის" ინფორმაციით, ჰაერში ორი გამანადგურებელი Су-35 და МиГ-31 მუშაობს.

Flightradar24-ის სერვერის მიხედვით, პეტერბურგის თავზე თვითმფრინავები არ ჩანს, თვითმფრინავებმა, რომლებიც მანამდე დაფრინავდნენ ქალაქის თავზე, გადაუხვიეს, მათ შორის - ბორტმა, რომელიც მოსკოვიდან კალინინგრადის რეისს ასრულებდა.

პეტერბურგის მთავრობის ცნობით, ამჟამად აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. პულკოვოს აეროპორტი არ იღებდა და არ გზავნიდა თვითმფრინავებს ადგილობრივი დროით 12:00 საათამდე.

"რია ნოვოსტის" თანახმად, პულკოვოს ონლაინ ტაბლოს მიხედვით, ფრენებზე მგზავრების რეგისტრაცია გრძელდება.

გამოცემა "Бумага" წერს, რომ სიგნალ „ხალიჩას“ საჰაერო თავდაცვის ორგანოები შემდეგ ვითარებაში იყენებენ:

- რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისას;

- რუსეთის შეიარაღებული ძალების იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის გამოყენებისას თავდამსხმელი თვითმფრინავის წინააღმდეგ;

- როდესაც საჰაერო სივრცეში ამოუცნობი თვითმფრინავი და „სხვა მატერიალური ობიექტები“ ჩნდება.