აშშ-ის ფინანსთა მინისტრი მოულოდნელი ვიზიტით ეწვია უკრაინას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი. კიევი. 27 თებერვალი, 2023 წელი

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი 27 თებერვალს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია კიევს, სადაც შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და შეაქო რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული შეჭრის პირობებში გაწეული ლიდერობისთვის, იუწყება აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო.

"უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა - დემოკრატიის, თვითგამორკვევის უფლების და მშვიდობისა და კეთილდღეობის მხარდამჭერი საერთაშორისო წესრიგის ღირებულებებისთვის", - განაცხადა იელენმა.

მისი თქმით, უკრაინელებმა "მშვიდობის ფრონტის ხაზებზე" გაიღეს "უზარმაზარი საფასური". როგორც იელენმა ზელენსკის უთხრა, აშშ ამაყობს, რომ უკრაინის უდიდესი პირდაპირი დონორია.

"როგორც თქვენც თქვით, ჩვენი მხარდაჭერა არ არის 'ქველმოქმედება'. ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში", - თქვა იელენმა.

აშშ-მა უკრაინას ამ დრომდე გამოუყო 50 მილიარდამდე დოლარის ოდენობის დახმარება - მათ შორის 14 მილიარდი ეკონომიკის დასახმარებლად, განაცხადა იელენმა. მისი თქმით, მომდევნო თვეებში აშშ უკრაინის ეკონომიკას კიდევ 8 მილიარდი დოლარით დაეხმარება.