"არსებობს ქვების ჩამოცვენის რეალური საშიშროება" - ჯვრის მონასტერი საფრთხის წინაშეა

ჯვრის მონასტერი, მცხეთა

მცხეთაში მე-6 საუკუნეში აშენებული "ჯვრის მონასტერი" საფრთხის წინაშეა. სწორედ ამის გამო კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დაჩქარებული წესით, ტენდერის გარეშე ითხოვს საინჟინრო მომსახურების შეძენის უფლების მიღებას შესყიდვების სააგენტოსგან.

"არსებული ვითარება მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, რადგან ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული ტაძრის მხატვრულ-კულტურული და არქიტექტურული ღირებულებების გაუარესება მნიშვნელოვან ზიანს მოუტანს სახელმწიფო იმიჯს და დააზიანებს საზოგადოებრივ ინტერესს", - აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აღნიშნავენ, რომ შიდა სივრცეში წყლის ჩასვლაზე ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც კედლებზე ლაქები შენიშნეს - "ინტერიერის ქვის საპირე წყობები საკმაოდ დაზიანებულია და დროული ჩარევის გარეშე შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მათ ცვენას".

სააგენტოს მიაჩნია, რომ აუცილებელია:

  • შემუშავდეს ინტერიერში ხარაჩოს მოწყობის პროექტი;
  • დამონტაჟდეს ხარაჩოები;
  • შეისწავლონ არსებული მდგომარეობა;
  • კვლევის საფუძველზე შემუშავდეს საპროექტო დოკუმენტაცია.

"ინტერიერიერის ქვის საპირე წყობები საკმაოდ დაზიანებულია და არსებობს ქვების ჩამოცვენის რეალური საშიშროება, რაც ასევე, საფრთხეს უქმნის ადმიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დაუყოვნებლივ უნდა გატარდეს ღონისძიებები, რათა ტაძარში შენარჩუნდეს უსაფრთხო გარემო. ასევე, დაუყოვნებლივ უნდა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები რათა თავიდან ავიცილოთ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების შეუქცევადი პროცესი", - აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ აუცილებელია სამუშაოები დროულად შესრულდეს, რადგან "მოსალოდნელი ჭარბი ნალექისა და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების გათვალისწინებით, დროული ჩარევის გარეშე შესაძლოა ტაძრის ინტერიერში წყალი ჩაედინოს და საპირე ქვები ჩამოცვივდეს, რაც გამოიწვევს ძეგლის დაზიანებას".

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საინჟინრო მომსახურებებში 150 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.

რამდენიმე დღის წინ ჯვრის მონასტერში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმაც და თქვა, რომ მონასტერში ჩადის წყალი და ცვივა ქვები.

რამდენიმე წლის წინ ჯვრის მონასტრის კონსერვაციისა და რესტავრაციის სამუშაოები აშშ-ს საელჩომ საქართველოში 600 ათასი დოლარის ოდენობის გრანტით დააფინანსა. სამუშაოებისთვის აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა ორჯერ გამოყო გრანტი:

  • საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანახმად, 2019 წელს დაფინანსება $100 000-ის ოდენობით პროექტის პირველი ეტაპისათვის განისაზღვრა და ითვალისწინებდა მცხეთის ჯვრის ტაძრის შენობის ყოველმხრივ მულტიდისციპლინარულ კვლევას და ამ კვლევის საფუძველზე საკონსერვაციო პროექტის მომზადებას;
  • 2020 წელს აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა მხარი დაუჭირა პროექტის გაგრძელებას და გამოყო $506 000 მისი მეორე ეტაპისათვის, რომელიც გულისხმობდა ფიზიკური სამუშაოების ჩატარებას მომზადებული საკონსერვაციო პროექტის შესაბამისად.