რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მოიერიშე სუ-25-ის ჩამოვარდნა და პილოტის დაღუპვა

საილუსტრაციო ფოტო. მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25

რუსეთის ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 და არა ბომბდამშენი სუ-24, როგორც ამას რუსული სააგენტოები იუწყებოდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პილოტი დაიღუპა.

რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინის ლუგანსკის, ხარკოვის და სუმის ოლქებს ესაზღვრება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით, თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა „საბრძოლო ამოცანის შესრულების შემდეგ ბაზირების აეროდრომზე დაბრუნებისას“. საბრძოლო ამოცანა დაკონკრეტებული არ არის. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სუ-25 დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა, წინასწარი მონაცემებით, „ტექნიკური გაუმართაობის“ გამო.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიის დასაბომბად ბელგოროდის ოლქში დისლოცირებულ სამხედრო თვითმფრინავებსაც იყენებს. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა არაერთი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.