ილია დარჩიაშვილი უკრაინის ომთან დაკავშირებით გაეროს ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების წლისთავს ეძღვნება, სიტყვით გამოვიდა. მან 22 თებერვალს თქვა, რომ ეს ომი არის თავდასხმა მთელ საერთაშორისო წესრიგზე და არღვევს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების არქიტექტურას.

"უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს სჭირდებათ მშვიდობა. მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა. ჩვენ ვაწყდებით უპრეცედენტო მასშტაბის გლობალურ გამოწვევებს: კლიმატის ცვლილებას, სტიქიურ უბედურებებს, ტერორიზმს. ეს მოითხოვს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას, ჩვენს თანამშრომლობას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ამ მიმართულებით ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის", - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანვე თქვა, რომ საქართველო სოლიდარულია უკრაინის მხარდასაჭერად მიმართული საერთაშორისო ძალისხმევის. დარჩიაშვილმა, ასევე, ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

"თითქმის 15 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომისა და მისი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციის შემდეგ, რაც უხეშად არღვევს გაეროს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და პარიზის ქარტიის პრინციპებს", - თქვა მან.

ნიუ-იორკში გაიხსნა გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სესია. გაეროს წევრი 193 ქვეყნის წარმომადგენლები საგანგებო სესიაზე შეიკრიბნენ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავის გამო.

ასევე ნახეთ გაეროს გენმდივანმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას უწოდა კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფა

სესია 22 თებერვალს გახსნა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა, რომელმაც დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა და მას უწოდა მსოფლიო თანამეგობრობის კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფა. გუტერეშის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა არის გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის დარღვევა და გამოწვევა ფუძემდებლური პრინციპებისა და ფასეულობებისთვის.