მინერალური წყლის კომპანია "საირმე" (შპს "საირმე მინერალ ვოთერსი") გაფიცულ თანამშრომლებს მოლაპარაკებების გასაგრძლებელად ერთადერთ პირობას უყენებს. კომპანიის მოთხოვნაა ამ პროცესში არ იყოს ჩართული აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის, "ლაბორ"-ის ხელმძღვანელი, გიორგი დიასამიძე.
ასევე ნახეთ "მთელი დღე ფეხზე, სიცივეში, უნდა ჩამოვასხა 20 ათასი ბოთლი და ჩავაწყო ყუთებში" - საირმეში გაფიცულები ხელფასების ზრდას და პირობებს ითხოვენ"რამდენჯერმე შეიცვალა მათი მოთხოვნები და რაოდენობრივად გაიზარდა. ჩვენ განვიხილავდით მაქსიმალურად ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რა თქმა უნდა, საწარმოს ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში.
საბოლოო ჯამში, მათი მოთხოვნები იმდენად გაიზარდა, რომ მედიაციის პროცესი ჩიხში შევიდა. როგორც ირკვევა, პროფესიული კავშირის წარმომადგენლის, აქციის ორგანიზატორის, გიორგი დიასამიძის ინტერესი რეალური შედეგის მიღწევა და თანამშრომლების ინტერესების დაცვა არ არის", - აცხადებს კომპანიის დირექტორის მოადგილე, ლევან კასრაძე.
მისი თქმით, ქარხანას, თანამშრომლების გაფიცვის მიუხედავად, მუშაობა არ შეუწყვეტია.
"ის, რომ თითქოს ჩვენ ჩავანაცვლეთ გაფიცულები ახალი და გამოუცდელი კადრებით, არის სრული სიცრუე. გამოუცდელი კადრებით ვერ გავრისკავდით წარმოების გაგრძელებას, რომც გვდომოდა. ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული დიალოგისთვის გაფიცულებთან, გიორგი დიასამიძის გარეშე, სწორედ ეს იქნება ჩვენი ერთადერთი პირობა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად", - წერია კომპანიის მიერ მედიასაშუალებისთვის გაგრძავნილ ინფორმაციაში.
კომპანია "საირმეს" თანამშრომლებმა გაფიცვა 13 თებერვალს დაიწყეს - დღეს პროტესტის მეათე დღეა. გაფიცულ თანამშრომლებს უფლებების დაცვაში აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი "ლაბორ" ეხმარება.
ასევე ნახეთ "ქარხანა პარალიზებულია" - "საირმის" თანამშრომლები გაიფიცნენთანამშრომლების მოთხოვნებია:
- ხელფასების 30 პროცენტით ზრდა;
- საქსტატის მონაცემების გათვალისწინებით ხელფასების ყოველწლიური ინდექსაცია;
- დამსაქმებელმა დაფაროს საპენსიო გადასახადი;
- უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა;
- ანტისანიტარიის მოწესრიგება;
- კოლექტიური შეთანხმება.
2022 წლის მაისში უშედეგოდ დასრულებული მედიაციის პროცესის შემდეგ მინერალური წყლების კომპანია "ბორჯომის" ("IDS ბორჯომი საქართველოს") თანამშრომლები გაიფიცნენ. მათი მოთხოვნები იყო:
- "გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა";
- "ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება და ხელფასების 25%-ით მომატება";
- "ვადიანი ხელშეკრულებებიდან უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა";
- "კოლექტიური შეთანხმების გაფორმება".
ორგანიზაცია "ლაბორის" ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ "ბორჯომის" თანამშრომლების გაფიცვამ შედეგი გამოიღო და მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდა.