უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის თქმით, გაზაფხულზე გარდატეხის მომენტი დადგება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი

უკრაინაში რუსეთის მორიგი შეტევა უკვე დაიწყო, მაგრამ ის იმდენად უხარისხოა, რომ თითქმის შეუმჩნეველია, განაცხადა Forbes Ukraine-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა.

„მათ აქვთ სტრატეგიული ამოცანა - 31 მარტამდე მიაღწიონ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებამდე,“ თქვა მან.

ბუდანოვის სიტყვებით, რუსეთს, ქვეყნის მოსახლეობის გათვალისწინებით, პრობლემები არა აქვს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის შესაგროვებლად. მაგრამ იმათ უმრავლესობას, ვინც ფრონტზე ხვდება, შეადგენენ გაუწვრთნელი და ცუდად აღჭურვილი მობილიზებულები, რომლებიც სატვირთო ავტომანქანებით იბრძვიან.

ბუდანოვმა ინტერვიუში რამდენჯერმე გაიმეორა, რომ რუსეთი არ არის საბჭოთა კავშირი, მას არ მოეპოვება ის სამხედრო პოტენციალი და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სიმძლავრეები, რომელთა შესახებაც ლაპარაკობენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები.

ერთი სარაკეტო იერიშისთვის რუსეთი მეტ რაკეტას ხარჯავს, ვიდრე წარმოება შეუძლია, განაცხადა ბუდანოვმა. მისი თქმით იგივე ეხება იარაღის ყველა დანარჩენ სახეობასა და ამუნიციას.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, გაზაფხულის მეორე ნახევარში გადამწყვეტი ბრძოლები გაიმართება და დადგება გარდატეხის მომენტი.

მან თავი შეიკავა კონკრეტული პროგნოზებისგან, მაგრამ თქვა, რომ უკრაინის გამარჯვებას ხელს უწყობს ორი ფაქტორი: ის საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვის და მის მხარესაა მთელი ცივილიზებული სამყარო.