ირაკლი კობახიძემ შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები დაასახელა

მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შუალედურ არჩევნებში, რომელიც 29 აპრილს უნდა გაიმართოს, პარლამენტის მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები დაასახელა.

"ქართული ოცნება" ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგენს გიორგი ხახუბიას. ამ ოლქში არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც დეპუტატი ირაკლი ხახუბია სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

"გიორგი არის ჩვენი კოლეგის, ირაკლი ხახუბიას შვილი. ბუნებრივია, ირაკლის სახელი და მის მიერ ფოთში, ხობსა და სენაკში შექმნილი ავტორიტეტი დაეხმარება გიორგის არჩევნებში გამარჯვებაში... გასულ წლებში, გიორგი ფოთში, ხობსა და სენაკში აქტიურად იყო ჩართული „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბებისა და პარტიული ორგანიზაციების მუშაობაში", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მასალა არქივიდან სახლში გარდაცვლილი ნახეს პარლამენტის წევრი ირაკლი ხახუბია

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ლევან ზალკალიანი წარადგინეს. ის რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს.

"სხვადასხვა დროს ლევანი მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის 11 წლის მანძილზე - ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. ლევანს მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება", - თქვა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

მანუჩარ რობაქიძე წარადგინეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად. ის სხვადასხვა დროს იყო მუნიციპალური საკრებულოს წევრი. 2021 წელს მანუჩარ რობაქიძე დაინიშნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ, ხოლო 2022 წლიდან ის ასრულებს თერჯოლის მერის მოვალეობას.

"წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სამივე კანდიდატს. დარწმუნებული ვართ, რომ ისინი მოიპოვებენ ამომრჩევლის ნდობას და აუცილებლად გაიმარჯვებენ არჩევნებში", - თქვა კობახიძემ.