"ხალხის ძალის" მიერ წარდგენილი კანოპონპროექტი შემაშფოთებელია - ბორელი

ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში, მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს "უცხოურ გავლენის აგენტებზე" რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად, მან ამ ინიციატივას "შემაშფოთებელი" უწოდა.

ბორელმა, ასევე საქართველოს შეახსენა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და მედიის თავისუფლება 12 შესასრულებელი რეკომენდაციის ნაწილია.

"სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მისი შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია. ეს, ასევე საკვანძო საკითხია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და წარმოადგენს 12 კრიტერიუმის ნაწილს.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, როგორც პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს, ასევე დაიცვან მედიისა და გამოხატვის თავისუფლება.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობა და სტანდარტები აღიარებს, რომ რესურსებზე წვდომა, მათ შორის, დაფინანსება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლით გათვალისწინებული გაერთიანების თავისუფლების განუყოფელი კომპონენტია და ამის ნაწილია საქართველოც.

შიდა და საერთაშორისო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა არ უნდა შეიზღუდოს, არამედ ხელი უნდა შეეწყოს, რადგან ეს აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და არსებითი მუშაობისთვის", - წერია ბორელის პასუხში, რომელიც რადიო თავისუფლებას მისმა პრესსპიკერმა მიაწოდა.

ასევე ნახეთ რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი - 300-ზე მეტი NGO-სა და მედიაორგანიზაციის ერთობლივი განცხადება

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მოძრაობა "ხალხის ძალამ" წარადგინა. იგი გუშინ, 20 თებერვალს დაარეგისტრირეს პარლამენტში.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" დოკუმენტი იმ დეპუტატებმა მოამზადეს, რომლებმაც გასულ წელს მმართველი პარტია, "ქართული ოცნება" დატოვეს, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ. 20 თებერვალს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ ყოფილი თანაგუნდელების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს.

"ქართული ოცნების“ სახელით შემიძლია ვთქვა, რომ პრინციპების დონეზე ჩვენ შევთანხმდით და მხარს დავუჭერთ კანონპროექტს, რა თქმა უნდა, დეტალებზე გაგრძელდება მსჯელობა", - თქვა მან პარტიის მთავარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.