"ქართული ოცნების" მხარდამჭერებს უფრო სჯერათ დათმობებით რუსეთთან ომის აცილების, ვიდრე ოპოზიციის  - CRRC

ევროკავშირის მხარდამჭერი აქცია. 3 ივლისი, 2022 წელი

CRRC-ის ბოლო კვლევით, რომელიც დღეს, 21 თებერვალს გამოქვეყნდა, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს (43%) უფრო მეტად სჯერათ, რომ დათმობებზე წასვლით საქართველოს რუსეთთან შესაძლო ომის თავიდან აცილება შეუძლია, ვიდრე ოპოზიციის მხარდამჭერებს (36%).

იგივე ტენდენცია ჩანს უკრაინის საკითხზეც. კვლევით, ოპოზიციასთან (28%) შედარებით, "ქართული ოცნების" უფრო მეტი მხარდამჭერი (46%) ფიქრობს, რომ უკრაინას ომის არიდება შეეძლო.

კვლევის ავტორები შენიშნავენ, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები უფრო მეტად არიან მზად, ომის თავიდან აცილების მიზნით პროდასავლური ორიენტაცია დათმონ, ვიდრე ოპოზიციის მხარდამჭერები და პარტიებისადმი მიუმხრობლები.

საქართველოს შემთხვევაში, ამ კითხვაზე დადებითად პასუხობს "ქართული ოცნების" გამოკითხული მხარდამჭერების 30% და ოპოზიციის მხარდამჭერების 26%. ასევე უკრაინის შემთხვევაში, "ქართული ოცნების" 36% ფიქრობს, რომ უნდა დაეთმო უკრაინას დასავლური ორიენტაცია ომის ასარიდებლად. იგივე აზრი აქვს ოპოზიციის მხარდამჭერების 25%-ს.

"ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორის ყველაზე დაბალია რუსეთთან შესაძლო ომის ასარიდებლად პროდასავლური ორიენტაციის დათმობის მოწინააღმდეგეთა წილი და ყველაზე მაღალია ასეთი კომპრომისის მომხრეთა წილი", - წერია კვლევაში.

CRRC-ის კიდევ ერთი კითხვა შესაძლო კომპრომისად, ტერიტორიების დათმობას უკავშირდება. კვლევით, ამას კიდევ უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვს, ვიდრე პროდასავლური ორიენტაციის დათმობას.

აქაც, ავტორებმა გამოყვეს "ქართული ოცნების" მხარდამჭერების პოზიციები სხვა პარტიული ჯგუფების პოზიციებისგან:

"მათთვის სხვებზე მეტად მისაღებია საქართველოსა და უკრაინის მხრიდან რუსეთთან ომის თავიდან აცილების მიზნით ტერიტორიების ნაწილის დათმობა", - წერია კვლევაში.

მონაცემების მიხედვით, კითხვაზე, უნდა დაეთმო თუ არა უკრაინას ტერიტორიების ნაწილი, თუ ეს მას რუსეთთან ომს აარიდებდა, "ქართული ოცნების მხარდამწერების 22% პასუხობს დადებითად, როცა იმავე კითხვაზე" ოპოზიციის მხარდამჭერების 12% პასუხობს "დიახ".

აღნიშნული კვლევისთვის მონაცემები CRRC-საქართველომ 2022 წლის აგვისტოსა და სექტემბერში შეაგროვა. გამოკითხვის ფარგლებში სულ 1,523 ინტერვიუ ჩატარდა საქართველოს ზრდასრულ (18+) მოსახლეობასთან. კვლევის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED).