თბილისსა და ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

თბილისი, აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან; 20 თებერვალი, 2022 წელი

თბილისსა და ბათუმში„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა.

აქციების მონაწილეების მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაა. აქციაზე სიტყვით გამომსვლელმა პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ ქვეყანას, სადაც პრეზიდენტს კლავენ, ევროპული პერსპექტივა ვერ ექნება.

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდა ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანიაც, რომელმაც თქვა, რომ ის სასიამოვნოდ გააკვირვა აქციაზე მოსული ადამიანების რაოდენობამ.

„მე არ ველოდი ამდენ ადამიანს, რადგან ორშაბათია და სამუშაო საათებია. ამ აქციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ საზოგადოება ისტორიას ქმნის. საზოგადოების აქტიურობა, სურვილი, პოზიცია ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ეპოქაში ასე იყო და ახლაც ასეა“, - უთხრა გიული ალასანიამ ჟურნალისტებს.

აქციის მონაწილეები კანცელარიის შენობასთან. დემონსტანტებს და კანცელარიის შორის ტერიტორია რკინის ჯებირებით იყო გამიჯნული, სადაც რამდენიმე რიგად იდგნენ სამართალდამცველები.

„გაძლევთ პირობას, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში მოვალ, ყველა სახლზე დავაკაკუნებ, ყველას დაგელაპარაკებით. საბოლოოდ, მე ვიძლევი პირობას, მე და ჩემი გუნდი ვიქნებით ის ადამიანები, ვინც უზრუნველყოფს მთელი საქართველოდან პროტესტის მობილიზებას დედაქალაქში. ეს იქნება ორგანიზებული, გამარჯვებაზე მოტივირებული ბრძოლა და მოქმედება. დაგველოდეთ და თვალ-ყური გვადევნეთ, დაგველოდეთ და დაგვთვალეთ, ოღონდ მოიმარჯვეთ ხელში ბევრი კალკულატორი იმიტომ, რომ დაგჭირდებათ მალე, იმიტომ რომ მთელი საქართველო ჩვენ ვიქნებით, გავიმარჯვებთ, დავიხსნით პრეზიდენტ სააკაშვილს. საქართველოს ივანიშვილის გარეშე გაუმარჯოს! არ დანებდეთ, ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე“, – თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე მისული იყო ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელიაც. მან თქვა, რომ მნიშვნელოვანია გაერთიანდნენ არა მხოლოდ ერთი პარტიის მხარდამჭერები, არამედ ერთსულოვნება იყოს ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებს შორისაც.

"უკანასკნელი თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული და ახლა მნიშვნელოვანია, რომ ერთიანად, ერთსულოვნებით, ყველამ ერთად გადავიაროთ ბეწვის ხიდზე,"- უთხრა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს.

მემედ აბაშიძის ქუჩის ნაწილი გადაიკეტა აქციის მონაწილეთა სიმრავლის გამო ბათუმში, სადაც აქციის მონაწილეები ვარდებითა და ტრანსფარენტებით იყვნენ გამოსულები.

"დღეს ცივილიზებული სამყარო გვეუბნება, თუ კი მიხეილ სააკაშვილს არ გაანთავისუფლებთ, სამუდამოდ დაიკეტება ევროპის კარები ჩვენი ქვეყნისთვის" - თქვა აქციაზე სიტვით გამოსვისას ელგუჯა ბაგრატიონმა აჭარის უმაღლესი საბჭოსფრაქცია ნაიონალური მოძრაობის თავჯდომარემ.

"ჩვენ არ მივატოვებთ მიხეილ სააკაშვილს მარტო"- ეს პირობა მისცა აქციის მონაწილეებს დეპუტატმა და საქართველოს მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა. აქცია ბათუმშიც სამართალდამცველების მობილიზაციის ფონზე მიმდინარეობდა.

აქცია ბათუმში, მთავრობის სახლთან

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები დღესვე იმართება საქართველოს ფარგლებს გარეთაც - ამ საპროტესტო მოძრაობის ინიციატორია ანტიპუტინისტი უფლებადამცველი და ბლოგერი, მარკ ფეიგინი.