ზელენსკი: ბახმუტის დაცვა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა მოკლე ომისა და გამარჯვებისთვის ემზადება. ამის შესახებ, როგორც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა იტალიურ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში.

ამ კვირის დასაწყისში, კიევში ჩავა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და წინასწარი ინფორმაციით, უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს.

მელონის ვიზიტის წინ, იტალიურ გამოცემებთან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ დასავლეთის მხარდაჭერით, დღეს უკრაინა გაცილებით ძლიერია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო და რუსეთი ვერასდროს შეძლებს უკრაინის დაპყრობას.

შეკითხვას, ღირს თუ არა დიდი მსხვერპლის ფასად პატარა ქალაქის, ბახმუტის დაცვა, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ბახმუტის დაცვა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. ზელენსკის განცხადებით, ბახმუტისთვის იბრძოლებენ, სანამ ეს გონივრული იქნება. მისივე თქმით, რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევასთან ერთად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ახალ კონტრშეტევას ამზადებენ.

ასევე ნახეთ რუსეთის ბოროტ იმპერიას ძალიან დიდი დანაკარგი აქვს - „ქართული ლეგიონის“ მებრძოლ თორნიკე ჩუთლაშვილთან ინტერვიუ
  • რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" არაერთი თვეა უშედეგოდ ცდილობენ სრული კონტროლის დამყარებას დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე, რომელიც კრემლს სჭირდება იმის გამოსაცხადებლად, რომ დონბასი მთლიანად დაიპყრო.
  • 2023 წლის 24 თებერვალს ერთი წელი სრულდება უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.