ჩვენი ბავშვობის თბილისი

ავტორი: გიორგი გაჩეჩილაძე

ბოლო დროს ძირძველი თბილისელებისგან ხშირად მომისმენია რომ ქალაქმა საკუთარი ტრადიციები და რაც ყველაზე საწყენია - განუმეორებელი ხიბლი დაკარგა. ალბათ ეს სინანული სიმართლის მარცვალს შეიცავს. საკუთარ თავს წინა საუკუნის 70-იანელებს მივაკუთვნებ და როდესაც წარსულზე ვფიქრდები, ჩემს საყვარელ ქალაქში ბევრი რამე შეიცვალა. რომელი ერთი ჩამოვთვალო. რაც დღეს განსაკუთრებით თვალში მხვდება, იმ სითბოს გაუჩინარებაა, რომელიც თბილისს ყოველთვის თან სდევდა. ხალხს ერთმანეთთან სხვანაირი, უფრო ახლობლური ურთიერთობა ჰქონდა. ახლობლობა დღესაც არ მოშლილა, მაგრამ ყოველივე ამას ამჟამინდელი დაძაბული ცხოვრების რიტმიც დაემატა. თითქოს საკუთარ ნაჭუჭებში ჩავიკეტეთ და მეგობარ-ახლობლებსაც რაღაც მანძილზე დავშორდით.

დღეს მკითხველის სამსჯავროზე უბრალო თბილისელების მოგონებებს წარმოვადგენ. მათი ავტორების დასახელებიდან თავს შევიკავებ, რადგან მათ ადგილზე ამ წერილის წამკითხავი ნებისმიერი მკითხველი შეიძლება აღმოჩნდეს.

„მამას დავყავდით კაფე "მეტროში" - სასტუმრო "ივერია" ააშენეს მერე ამ ადგილზე - ნაყინს გვაჭმევდენ იქ.

კიდევ ფუნიკულიორის ვერანდაზე რესტორანი მახსოვს კარგად - უფროსები ცეკვავდენ, ჩვენ ქალაქს ვუყურებდით

სტუდენტობაში "მუხამბაზის" ბარი და ფუნიკულიორის "წითელი ბარი".

„რუსთაველის მეტროსთან ფილარმონიისკენ რომ მიდიოდი, მანდ იყიდებოდა გლიასე. მაგის გემო ეხლაც მახსოვს და ეხლანდელი „მაკდონალდსის“ წინ მაშინ „აეროფლოტის“ სალაროები იყო. გაზიანი წყლის აპარატები იდგა, 5 კაპიკს რომ ჩააგდებდი და მწვანე და წითელი წყალი მოდიოდა. მერე აირია ქვეყანა, ჯერ ჭიქები გაქრა მაგ აპარატებიდან, შემდეგ კი თავად აპარატები.

თავისუფლების მეტროს წინ კუთხეში იყო ავიასალარო. დიდ ვიტრინაში იყო თვითმფრინავის მაკეტი (თავი ჰქონდა ახდილი) - ყველაფერი ნამდვილი თვითმფრინავივით ჰქონდა.

რუსთაველზე იყო მაღაზია „ლუქსი" და იმის ვიტრინაში მამაკაცის უშველებელი ფეხსაცმელი იდო. დედაჩემს სულ ვეკითხებოდი - ამას ვინმე იყიდის?“

„მე გავიხსენებდი მეტრო „რუსთაველთან“ კედელი რომ არის, იქ იყო სანაყინე. ბუნდოვნად მახსოვს, მგონი დიდი მუყაოს პინგვინი იყო შესასვლელთან აყუდებული. მანდ იყო მარტო გლიასე და მწვანე ნაყინის ბრიკეტები.

კიდევ მახსოვს ბაღი „სამაია“, ძალიან მიყვარდა ის ძეგლ-შადრევანი. იქვე იყო ფოტოგრაფი და ყოველი წლის შემოდგომაზე მე და პაპაჩემი მანდ ვიღებდით ფოტოს. მერე ვიტრინაში ჰქონდა გამოკიდული იმ ფოტოგრაფს და ძალიან ვამაყობდი. ვთვლიდი რომ ულამაზესი პაპა რომ მყავს იმიტომ კიდებდა, პაპაჩემი კი თურმე თვლიდა რომ ჩემს გამო ეკიდა. პაპა რომ გარდამეცვალა ბოლო სურათი კიდევ დიდხანს იყო იქ. ფოტოგრაფმა თქვა ესეთი ლამაზი კაცი არასდროს გადამიღიაო.

მსახიობი-კომიკოსი გახსოვთ, თენგიზ ჩანტლაძე? ჩვენი ფანჯრები მის აივანს და სამზარეულოს უყურებდა. დილას რაფაზე დავჯდებოდი და ბებიაჩემს ვეძახდი, მოდი, მოდი, იმ მსუქანმა კაცმა გაიღვიძაო. სამზარეულოს მაცივრიდან რამე-რუმეებს რომ გადმოილაგებდა, მერე აივანზე გამოდიოდა და მეორე მაცივრიდანაც რაღაცეებს ამატებდა და ჩვენ ამაზე განსაკუთრებულად ვხალისობდით. მერე თინეიჯერობისას ვნახე კომედიის თეატრში და იქ ვიცანი „მუდამ მშიერი" მეზობელი“.

„კეკელიძეზე შოკოლადების დიდი მაღაზია ვის ახსოვს? გრილიაჟი მგონი მარტო მანდ იყიდებოდა და ყურძენივით ძაფზე ასხმული შაქარყინული? და უზარმაზარი ნუგა? ( რადიატორზე ვდებდით და ვათბობდით რომ ჩაკბეჩა მოგვეხერხებინა).

მაღაზია „ვარაზი". ყოველ დღე ჩემი შვილი დაყავდა ბაღის მერე ჩემს ქმარს და ირისის „დიიიიდ“ პლიტკებს ყიდულობდნენ“.

„ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა. ჰაუბიცას ხმა მახსოვს. დიდ დიღომშიც კი ისმოდა. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. უშუქობა, უტრანსპორტობა, სიცივე, პურის რიგები. მერე ნავთის რიგები (ცოტა რომ გამოსწორდა სიტუაცია).

უფროს კლასებში უკვე გაჩნდა გართობის საშუალებები. დიდ დიღომში ორსართულიანი ავტობუსი დადიოდა, შატალოზე დავდიოდით ძმაკაცები და მაგით „ვკატაობდით“ ხოლმე (იასნია მეორე სართულზე)“.

„ბარათაშვილის ქუჩაზე „სონის“ მაღაზია იყო და ამ მაღაზიის კარები თვითონ იღებოდა, ახლოს რომ მიხვიდოდი. თბილისში პირველი ასეთი კარი იყო და მაგაზე მაგარს „ვკაიფობდით“.

„ძალიან ღრმა ბავშვობიდან ყველაზე საშინლად ის მახსოვს, რომ ვაჟაზე, ე.წ. ჩუბინიძის ბაღში დავდიოდი. მანდ ეხლაც ეგრეა და მაშინ ხომ საერთოდ. ცივი წყალი გრაფიკით იყო, დილა-საღამოს, ანუ რაც ბაღში ვიყავით, წყალი ფაქტიურად არ მოდიოდა, სამაგიეროდ მაგ უბანში გოგირდის ცხელი წყალი სულ იყო. ერთხელ ისე მოგვწყურდა, ის ცხელი წყალი დავლიეთ ბავშვებმა.

შემდეგი პერიოდიდან მახსოვს გაუთავებელი ჩხუბები რუსის ბავშვებთან. ჩემი კორპუსის წინ სამხედროების კორპუსები იდგა, სადაც 4 წელიწადში ერთხელ როტაციით იცვლებოდნენ რუსები ოჯახებით. ჰო და ამ რუსის ბავშვებს დავიჭერდით და ქართულად რატომ არ გველაპარაკებითო ვეჩხუბებოდით. გამწარებულები ყვიროდნენ: „Мы в советском союзе живём“-ო. ეხლა რომ მახსენდება, რას ვერჩოდით იმ ბავშვებს

კიდევ მახსოვს, დაწყებით კლასებში დამრიგებელი ქალი გვყავდა და შრომის გაკვეთილზე ქსოვას გვასწავლიდა ბიჭებსაც და გოგონებსაც. ვიჯექი თურმე ავტობუსში და ვქსოვდი ხოლმე. ხალხი პირდაღებული მიყურებდა“.

„ბიჭები დავდიოდით ნაბერეჟნზე, ვარანცოვთან რომ იყო მაღაზია „იუნნი ტეხნიკ". მერე იქიდან ვიღაცამ „კრუჟოკში“ დაგვიბარა პიონერთა სასახლეში და სარკეებიანი დარბაზი რომ ვნახეთ, მე და ჩემი ძმაკაცი ვიძახდით - ცოლებს რომ მოვიყვანთ ქორწილი აქ გადავიხადოთ ქეთო და კოტესავითო.

მერე ჩავუყვებოდით რუსთაველს და წითელი კაფე იყო „ნარგიზი", 22 კაპიკი ღირდა უზარმაზარი ეკლერები და შუები.

მარჯანიშვილზე ხიდისკენ, კუთხეში იყო დიდი ტკბილეულობის მაღაზია. დიდი შოკოლადის შარიკები იყიდებოდა, ან ქიშმიში იდო ან თხილი.

ჩხუბით ძირითადათ ვჩხუბობდით „არტოს“ ბაღში, ან ფოსტის უკან ეზოში. ჩემი სკოლის სიყვარული ცხოვრობდა ქურდიანის ქუჩაზე და სულ მეგონა ვიღაც ქურდის სახელობის იყო ეგ ქუჩა. ამაყად მივდიოდი ხოლმე - მეგონა მაგარი კაცი ვარ, ქურდების უბანში დავიარებოდი.

კიდევ რა მახსენდება. პედრო, დონალდო, შიკოლადნიი ესკიმო და სპეკულანტებთან ნაყიდი ჯინსები“.