აფხაზეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი აპროტესტებს დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთში სავარაუდო შესვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
„რესპუბლიკის სტატუსის საკითხი განხილვას არ ექვემდებარება“, - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აფხაზეთის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მოსკოვში სამუშაო ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სხვადასხვა ინტერნეტ-პლატფორმაზე გამოქვეყნდა სტატიები „რუსეთთან რამდენიმე სახელმწიფოს შესაძლო გაერთიანების შესახებ“.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ გავრცელებულ ამბავს რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. მისი თქმით, „არსებობს კონსტიტუცია, რომელიც ამ თემის განხილვის საშუალებასაც კი არ იძლევა“.
საზოგადოებრივი აქტივისტების განცხადებაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთი მშვიდობიანი ქვეყანაა, რომელიც ყველა ხალხთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობებისკენ ისწრაფვის.
„15 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო, რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციასთან აშენებს ორმხრივ, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობას. აქტივისტების თქმით, რუსეთი ფინანსურ დახმარებას უწევს აფხაზეთს და უხსნის თავის ბაზარს მის პროდუქციას. მეორე მხრივ, აფხაზეთმა რუსეთის ფედერაციას მისცა შესაძლებლობა, განეთავსებინა სამხედრო ბაზები თავის ტერიტორიაზე საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და გულითადად მასპინძლობს რუს ტურისტებს თავის კურორტებზე. მიგვაჩნია, რომ არსებული ურთიერთობების ფორმატი იმ ქვეყნებთან, რომლებმაც გვაღიარეს, უპირველეს ყოვლისა კი რუსეთის ფედერაციასთან, სრულად აკმაყოფილებს ყველა მხარეს და არ საჭიროებს რაიმე სახის ცვლილებას. აფხაზეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თემაზე ყველა სპეკულაცია, მათ შორის ზოგიერთი ოფიციალური პირის განცხადებები, მიგვაჩნია უპასუხისმგებლოდ და ჩვენი ურთიერთობებისთვის საზიანოდ. ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებელი სტატუსი განსაზღვრულია კონსტიტუციით და არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც ასევე ვკითხულობთ:
„30 წლის წინ მოპოვებული იქნა სამხედრო გამარჯვება მტერზე, რომლის ერთადერთი ამოცანა იყო ერთხელ და სამუდამოდ გაექრო აფხაზებში თავისუფლებისა და სუვერენული სახელმწიფოს აშენების სურვილი... იოლი არც ომისშემდგომი წლები იყო. ტოტალური ბლოკადა, სანქციები აფხაზური პროდუქტებისა და კურორტების მიმართ, სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა, სამხედრო შურისძიების რეგულარული მცდელობები, მაგრამ ჩვენ გავუძელით და ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს ჩვენი მტკიცე მიზანდასახულობა, ვიცხოვროთ თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაში. ეს სიმტკიცე და მიზანდასახულობა, მთელი სისრულით, ახლაც ჩვენთანაა“.
განცხადების ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ აფხაზეთი ჩამოყალიბდა სახელმწიფოდ, რომელშიც ეფექტურად ფუნქციონირებს ძირითადი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც თანამედროვე და დინამიური განვითარების საფუძველს ქმნიან.
„ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ დღეს აფხაზეთის ინტერესებში არ შედის, მისი ნაწილობრივ აღიარებული სტატუსისა და რიგი სხვა შიდაპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით, განიხილოს რომელიმე საკავშირო სახელმწიფოში შესვლის ვარიანტი. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ მსგავსი საკითხები განხილულ იქნას მომავალში, საერთაშორისო თანამეგობრობისა და გაერო-ს მიერ ჩვენი სუვერენიტეტის ფართო აღიარების შემდეგ, როგორც აფხაზი ხალხის ისტორიული არჩევანი“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები:
„ახიაცა“, „აამტა“, „აიდგილარა“, „სუვერენიტეტის დაცვის კომიტეტი“, „აფხაზეთის ვეტერანთა და მოქალაქეთა საზოგადოებრივი კავშირი აიაირა“, „ვეტერანთა და ახალგაზრდათა კავშირი აფსნი“; ასევე საზოგადოებრივი აქტივისტები: ადგურ ლაგვილავა, ლიანა კვარჩალია, არდა ინალ-იპა, ალხას არგუნი, ასტამურ ტანია, ლევან ლაგვილავა, ლაშა ზუხბა და სხვ.