ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა, როგორც ჩანს, უარყო კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის შეთავაზება, შეუერთდეს განახლებულ საინფორმაციო კამპანიას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ.
„კადიროვი ეჭვობს, რომ ეს კამპანია დაეხმარება პრიგოჟინს აღიდგინოს ბოლო დროს შემცირებული გავლენა“, - წერს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის ყოველდღიური ანგარიში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმდინარე კვირაში გამოაცხადა, რომ ცვლის ოთხივე სამხედრო ოლქის სარდალს. სიახლის კომნტირებისას კადიროვმა, რომელიც მწვავედ აკრიტიკებდა თავდაცვის სამინისტროს, განაცხადა, რომ „ჩინებული და კარგად კოორდინირებული ურთიერთობა“ აქვს სამხედრო უწყებასთან და, რომ მხარს უჭერს უმაღლესი მთავარსარდლის „ნებისმიერ ბრძანებას“.
სიტუაციის გაანალიზებისას ISW ყურადღებას ამახვილებს პრიგოჟინის ვიზიტზე ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების რაზმის "ახმატის" მეთაურთან აფტი ალაუდინოვთან - ანგარიშის ავტორებმა მასში დაინახეს კადიროვის მხარდაჭერის მოპოვების მცდელობა. გარდა ამისა, საყურადღებოდ მიიჩნიეს პრიგოჟინის პრესსამსახურის განცხადება, რომ „ვაგნერი“ კერძო არმიაა, რომელსაც "არაფერი აქვს საერთო" შეიარაღებულ ძალებთან.
„როგორც ჩანს, პრიგოჟინი აძლიერებს საინფორმაციო კამპანიას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ“, - ასკვნიან ISW-ის ანალიტიკოსები, რომელთა თქმითაც, 2022 წლის ოქტომბერში პრიგოჟინმა უკვე გამოიყენა კადიროვის კრიტიკა რუსი სამხედროების წინააღმდეგ, რათა ძირი გამოეთხარა სამხედრო უწყებისათვის და წარმოეჩინა თავისი კერძო სამხედრო კომპანია ელიტარულ ძალად უკრაინასთან ომში.
თუმცა, ამჯერად, კადიროვმა, სავარაუდოდ, უარი თქვა პრიგოჟინის მიერ წამოწყებულ მორიგ საინფორმაციო თავდასხმაზე, რადგან კადიროვისთვის უფრო ხელსაყრებულია მისი ფორმალური კავშირები კრემლთან და მდგომარეობა ხელისუფლებაში, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური ურთიერთობა პრიგოჟინთან, - ნათქვამია ანგარიშში, რომლის ავტორთა აზრით, კრემლთან დაკავშირებულებმა სხვა პირებმაც შესაძლოა ზურგი შეაქციონ პრიგოჟინს, რათა შეინარჩუნონ თავიანთი პოზიციები.