აშშ-მა ოფიციალურად დაადგინა, რომ რუსეთმა ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინაშე - კამალა ჰარისი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი მიუნხენის კონფერენციაზე. 18 თებერვალი, 2023.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაასკვნა, რომ რუსეთმა ჩაიდინა დანაშაულები კაცობრიობის წინაშე, უკრაინაში მისი თითქმის ერთწლიანი ომის პერიოდში. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.

„უკრაინაში რუსეთის ქმედებების საქმეზე, ჩვენ გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები, ვიცით სამართლებრივი სტანდარტები და ეჭვგარეშეა: ეს არის დანაშაულები კაცობრიობის წინაშე“, - თქვა ჰარისმა სიტყვით გამოსვლისას 18 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

„და მე ვეუბნები ყველას, ვინც ჩაიდინა ეს დანაშაულები, და მათ ზემდგომებს, ამ დანაშაულების თანამონაწილეებს, პასუხს აგებთ“.

მანამდე ვაშინგტონმა, ისევე, როგორც გაეროს მანდატით ჩატარებულმა გამოძიებამ, დაადგინა, რომ რუსულმა ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები.

„კაცობრიობის წინაშე დანაშაული“ გულისხმობს, რომ მკვლელობები, გაუპატიურებები ფართოდ გავრცელებული, სისტემატურია და მშვიდობიანი მოსახლეობაზე განზრახ მიმართულია. საერთაშორისო სამართალში ეს უფრო სერიოზულ დანაშაულად ითვლება.

კამალა ჰარისმა „ბარბაროსული და არაადამიანური“ უწოდა ბუჩაში ადამიანების დახოცვას; 9 მარტს მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფოს დაბომბვას, რომელსაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი; და სექსუალურ ძალადობას ოთხი წლის ბავშვზე რუსი ჯარისკაცის მიერ.

„მოდით, ყველანი შევთანხმდეთ: ყველა მსხვერპლის სახელით, ცნობილის და უცნობის, სამართლიანობა უნდა აღსრულდეს“, - თქვა ჰარისმა.

აშშ-ს მთავრობის ცნობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAid) მიერ მხარდაჭერილმა ორგანიზაციებმა დააფიქსირეს 30 000-ზე მეტი ომის დანაშაულის ინციდენტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

რუსეთი უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას და ომის დანაშაულის ჩადენას.