„გადამწყვეტი როლი შეასრულა“ - „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი.

„ბიძინა ივანიშვილმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში“, - ასე ულოცავს ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს მისივე დაფუძნებული პარტია „ქართული ოცნება“.

საქართველოს უმდიდრესი კაცი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი 18 თებერვალს 67 წლის გახდა.

„ბიძინა ივანიშვილმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, როდესაც 2012 წელს სათავეში ჩაუდგა მჩაგვრელი რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლებისთვის ბრძოლას და საბოლოოდ, ეს ბრძოლა მისი, ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდა“, - წერია პარტიის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე.

ივანიშვილს იუბილე მიულოცა და მადლობა გადაუხადა „ოცნების“ მოქმედმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც.

„მადლობა ბიძინა ივანიშვილს რამდენიმემილიარდიანი ქველმოქმედებისთვის და იმისათვის, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ქართული იდენტობის შენარჩუნებისთვის ზრუნავდა და ზრუნავს“, - დაწერა მან საკუთარ ფეისბუკზე.