ზენონი: ეკლესიაში მიმდინარე ცალკეული პროცესები მიმართულია არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის განჩინებას განცხადებით გამოეხმაურა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი. როგორც მან აღნიშნა, სინოდის დაწყებამდე, მცირე დროით შეხვდა ილია მეორეს. ზენონი წერს, რომ პატრიარქს თავად შესთავაზა, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია უშუალოდ მისი ზედამხედველობის ქვეშ გადასულიყო. როგორც მთავარეპისკოპოსი წერს, ილია მეორემ გაიზიარა მისი წინადადება და მიმართა სინოდს, რომელმაც დაამტკიცა ის.

„დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის საკითხი სინოდის სხდომაზე განსახილველად არ გატანილა. შესაბამისად განვმარტავ, რომ ეპარქიის საკითხი სამომავლოდ იქნება განხილული, რის შემდეგაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება ეპარქიის მმართველის ვინაობის შესახებ. ასეთი იყო მისი უწმინდესობისა და ჩემი პოზიცია.

კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომ საკითხი კომპლექსურია და მეტად საყურადღებო.

ამ დროისათვის შემოვიფარგლები მცირეოდენი განცხადებით და დავძენ: ჩემს წინააღმდეგ მომართულია გარე და შიდა ძალები, რომელთაც სურთ ჩემი სულიერი და ფიზიკური განადგურება.

არ ვაპირებ რაიმე სახის პოლემიკაში შევიდე იმ ადამიანებთან, რომელთაც სურთ ამ საკითხების მიჩქმალვა-ნიველირება და პერსონალური თავდასხმებით ცდილობენ საკუთარი დეგრადირებული აზროვნების ნაყოფის საზოგადოებისთვის თავს მოხვევას.

მათი ქმედებები პირველ რიგში უკავშირდება ჩემს პოზიციას შიდა და საგარეო საეკლესიო პოლიტიკის საკითხებზე, რის შესახებაც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.

ამავდროულად, მკაფიოდ განვმარტავ - ჩემი საქმიანობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მუდამ მიმართული იყო ეკლესიისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვისკენ. სწორედ ეს გარემოება არ მაძლევს უფლებას არ მოვახდინო რეაგირება ზემოთაღნიშნულ ფაქტზე.

აქვე ვაცხადებ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე ცალკეული პროცესები მიმართულია არა მხოლოდ თავად ეკლესიის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ და უდიდესი სიფრთხილე და გონიერებაა აუცილებელი იმისთვის, რათა ამ პროცესებიდან ეკლესიაც და სახელმწიფოც დაზიანებული არ გამოვიდეს", - ნათქვამია მთავარეპისკოპოს ზენონის განცხადებაში.

ასევე ნახეთ საქართველოს ეკლესია ევქარისტიულ კავშირში შევიდა ჩრდილოეთ მაკედონიაში მართლმადიდებელ ეკლესიასთან

14 თებერვალს გამართული სინოდის განჩინებაში ექვსი საკითხი შევიდა, მათ შორის იყო მთავარეპისკოპოს ზენონის საკითხი. „სინოდის სხდომამ საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინადადება და დაადგინა: - დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ზედამხედველობა დროებით გადაიბაროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა; ხოლო მაღალყოვლადუსამღვდელოესი მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) დარჩეს დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად", - აღნიშნული იყო სინოდის განჩინებაში.

ასევე ნახეთ ევქარისტიული კავშირი ჩრდ. მაკედონიის ეკლესიასთან, მაგრამ არა უკრაინულთან - რატომ?