რუსეთმა ოფიციალურად შეწყვიტა ევროპის საბჭოს წესდებისა და კონვენციების მოქმედება

ხუთშაბათს სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი ევროპის საბჭოს წესდების და იმ ორგანიზაციის ფარგლებში მიღებული 20 საერთაშორისო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, საიდანაც რუსეთი გასული წლის მარტში უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაირიცხა.

გაზეთ „კომერსანტის“ თანახმად, კანონპროექტი იანვარში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წარადგინა საკანონმდებლო ორგანოში. დოკუმენტი რუსეთთან მიმართებაში ძალადაკარგულად ცნობს 21 საერთაშორისო ხელშეკრულებას, მათ შორის ევროპის საბჭოს ქარტიას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას, ტერორიზმის აღკვეთის ევროპულ კონვენციას, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას და სოციალურ ქარტიას.

ასევე ნახეთ

26-წლიანი წევრობის შემდეგ, ევროსაბჭომ რუსეთი ოფიციალურად გააძევა

ევროსაბჭო (CoE) მინისტრთა კომიტეტმა გასული წლის 16 მარტს ოფიციალურად მიიღო ამ უფლებადამცველი ორგანიზაციის რიგებიდან რუსეთის გაძევების გადაწყვეტილება, რაც პირველი ასეთი შემთხვევაა ორგანიზაციის ისტორიაში.

რუსეთმა შეწყვიტა მონაწილეობა PACE-ს მუშაობაში და ასევე გადაწყვიტა არ შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც 2022 წლის 15 მარტის შემდეგ იქნა მიღებული.

  • რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც.