აზერბაიჯანთან კონფლიქტის მოგვარების მიზნით, სომხეთის მთავრობამ ბაქოში გააგზავნა სამშვიდობო შეთანხმების პროექტი.
დოკუმენტის ასლები გაეგზავნათ რუსეთსა და აშშ-ს. ამის შესახებ განცხადება გააკეთა სომხეთის პრეზიდენტმა, ნიკოლ ფაშინიანმა, მაგრამ დეტალები იმისა, თუ რას შეიცავს პროექტი, არ გაუმხელია.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ათწლეულების მანძილზე დაპირისპირებაა საერთაშორისო სამართლით აზერბაიჯანის კუთვნილი რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გამო, რომელშიც უპირატესად სომხები ცხოვრობენ.
რუსეთის შუამავლობით, 2020 წელს, რამდენიმე თვიანი ომის შემდეგ, მიღწეული ზავის მიუხედავად ხანგამოშვებით სროლა სასაზღვრო არეალებში არ წყდება. ამასთან აზერბაიჯანელ მოქალაქეებს - გარემოს დამცველებს, გადაკეტილი აქვთ მთიანი ყარაბაღისკენ სომხეთიდან მიმავალი ერთადერთი გზატკეცილი - ლაჩინის დერეფანი. ისინი თვლიან, რომ ყარაბაღის ტერიტორიაზე სომხეთი უკანონოდ მოიპოვებს სასარგებლო წიაღისეულს.
სომხეთის ინიციატივით მომავალ ორშაბათს რეგიონში ევროკავშირის მისია იწყებს მუშაობას. რუსეთი მისიას უარყოფს. ამის ფონზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი იშვიათი ვიზიტით ჩავიდა თურქეთში, ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკების გამართვის მიზნით. მირზოიანი 15 თებერვალს შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს - იტყობინება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეს ვიზიტი მირზოიანისთვის მეორეა გასული წლის მარტიდან. ორ ქვეყანას შორის არამეგობრული ურთიერთობაა ათწლეულების განმავლობაში.
თურქეთში მიწიძვრის შემდეგ ამ ქვეყნებს შორის 35 წელიწადის განმავლობაში პირველად გაიხსნა საერთო სასაზღვრო გასასვლელი, საიდანაც მიწისძვრით დაზარალებულებს ეგზავნებათ ჰუმანიტარული დახმარება სომხეთიდან.