ლელა ნინოშვილი და ნოდარ არონიშიძე გელათში არსებული მდგომარეობის შესახებ

Your browser doesn’t support HTML5

„დილის საუბრების“ სტუმრებს, ლელა ნინოშვილს, კედლის მხატვრობისა და ქვის რესტავრატორსა და ნოდარ არონიშიძეს, არქიტექტურის ისტორიკოსს, ბოლო თვეებში ჰქონდათ შესაძლებლობა, თავად ენახათ გელათში არსებული ვითარება.

ძეგლი, რომელიც „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული, უმძიმესი რეალობის წინაშე დააყენა. თუმცა, კულტურის სამინისტრო, რომელიც, გელათის რესტავრაციის პროცესზეა პასუხისმგებელი, სირაქლემის პოზაში დგება და ამბობს, რომ ის პრობლემები, რომლებიც გელათს დღეს აქვს, გელათის სამონასტრო კომპლექსში 2008-2020 წლებში განვითარებულ მოვლენებს უკავშრდება. კულტურის მინისტრი ამტკიცებს, რომ ყველაფერი, რამაც გელათი კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა, მისი კულტურის მინისტრად დანიშვნამდე მოხდა.

16 თებერვალს გამოაქვეყნა საქართველოს საპატრიარქომ კრიტიკული განცხადება გელათის ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ სამონასტრო კომპლექსში კრიზისი 2015-19 წლებში შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო. აცხადებს, რომ 2021 წლის ზაფხულში, გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციისთვის მოწვეული ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოების მიუხედავად, გელათის კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მივიდა. ასევე, სახეზეა არასრული, მწირი დოკუმენტაციის წარმოება და ამას ადასტურებს ის დასკვნები, რომლებიც ბოლო პერიოდში გელათის სამონასტრო კომპლექსის გარშემო დაიწერა და საპატრიარქო, ფაქტობრივად, ეჭვქვეშ აყენებს იმ სპეციალისტების საქმიანობას, რომლებიც ამჟამად გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციაზე მუშაობენ და აცხადებს, რომ მათთვის გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება. ციტატა: „მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკულია! საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა! მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით".

„დილის საუბრების“ სტუმრებს, ლელა ნინოშვილს, კედლის მხატვრობისა და ქვის რესტავრატორსა და ნოდარ არონიშიძეს, არქიტექტურის ისტორიკოსს, ბოლო თვეებში ჰქონდათ შესაძლებლობა, თავად ენახათ გელათში არსებული ვითარება, გასცნობოდნენ იქ არსებულ ვითარებას და შემდეგ გელათში არსებული ვითარების შესახებ სხვადასხვა დასკვნის დაწერაში მიეღოთ მონაწილეობა.