რუსეთის პრეზიდენტი ვლადმირ პუტინი, სავარაუდოდ, შეხვედრებს გამართავს ბელარუსის ავტორიტარ ლიდერთან ალიაქსანდ ლუკაშენკასთან. ასევე, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტებთან ასლან ბჟანიასა და ალან გაგლოევთან.
ოკუპირებული აფხაზეთს დე ფაქტო ლიდერი მოსკოვში 14 თებერვალს გაემგზავრა. ბჟანიას პრესსამსახურის ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში „ის შეხვედრებს გამართავს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან“. პუტინთან შესაძლო შეხვედრის შესახებ ცნობაში ნათქვამი არ არის.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა 16 თებერვალს, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ "პუტინის გრაფიკში არ არის შეხვედრა აფხაზეთის პრეზიდენტთან".
უფრო ადრე კრემლში პუტინისა და ლუკაშენკას შეხვედრა დაანონსდა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, შეხვედრა შესაძლოა პარასკევს 17 თებერვალს შედგეს.
ლუკაშენკამ დაადასტურა, რომ ხვალ გეგმავს ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას.
ტელეგრამის არხი БОНВ[Ӕ]РНОН გუშინ იტყობინებოდა, რომ „სამხრეთ ოსეთის ლიდერი ალან გაგლოევი მოსკოვში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს 22 თებერვალს შეხვდება“.
რუსულმა ტელეგრამის არხმა МИГ-მა დაწერა, რომ „მოსკოვში ჩასასვლელად ემზადება რამდენიმე სახელმწიფოს მეთაური“. „დეტალები უცნობია. ველით ოფიციალურ ინფორმაციას“,- ნათქვამია შეტყობინებაში.
იმავე წყარომ გამოაქვეყნა სახელმწიფო დუმის დეპუტატის, პარტია „სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის“ წარმომადგენლის დმიტრი კუზნეცოვის განცხადების შესახებ პოსტი. კუზნეცოვი იმედოვნებს, რომ ძალიან მალე გადაწყდება რუსეთის ბელარუსთან „ისტორიული შეერთების საკითხი“.
მოგვიანებით კუზნეცოვმა თავის ტელეგრამის არხზე დაწერა: „იმედი მაქვს, რომ 21 თებერვალს გადაწყდება ზუსტად ეს. ხომ უნდა ასრულდეს? ასევე არის სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, სულაც სსრკ 2 შეიძლება. ვლადიმირ ვალდიმიროვიჩი გენიალურად ატრიალებს ჭადრაკის დაფას, ამასაც ვნახავთ“.
ვლადიმირ პუტინი 21 თებერვალს მოსკოვში ფედერალურ კრებას სიტყვით მიმართავს. გასული წლის 21 თებერვალს პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. სამი დღის შემდეგ დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში.