არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეა" მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის, "ხალხის ძალის" კანონპროექტი პარტნიორი სახელმწიფოების დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების აგენტთა ბაზაში შეყვანაზე, მმართველი პარტიის მიზანს წარმოაჩენს - "დააყოვნოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესი". ორგანიზაცია ხსნის, რატომ არის კანონპროექტი სახიფათო, დისკრიმინაციული და მნიშვნელოვნად დამაზიანებელი ევროინტეგრაციის გზაზე.
ასევე ნახეთ ევროინტეგრაციისგან გადახრა - ქართველი და უცხოელი ექსპერტები "ხალხის ძალის" ინიციატივაზე"კანდიდატის სტატუსის განაცხადის შეტანის შემდეგ ეს არ არის პირველი ნაბიჯი, რომელიც არა დაახლოების, არამედ საქართველოს ევროპული ორბიტიდან განზიდვის მიზანს ემსახურება. თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთწლიანი პროცესის განმავლობაში გადადგმული ინტეგრაციის საწინააღმდეგო ნაბიჯებიდან, ამ კანონპროექტის მიღება იქნება მმართველი პარტიის ანტი-ევროკავშირული და იზოლაციონისტური პოლიტიკის ყველაზე კაშკაშა დასტური", - წერია "სამოქალაქო იდეის" განცხადებაში.
კანონპროექტი რომ ანტიევროპული და ანტი-ევროკავშირულია, ამის დასტურად არასამთავრობო ორგანიზაციას მოჰყავს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს შეფასება 2020 წელს უნგრეთში მიღებულ მსგავს კანონზე, რომლის მიხედვითაც, ის ევროკავშირის კანონებსა და აქტებს ეწინააღმდეგება.
ასევე ნახეთ აშშ მკაცრად აკრიტიკებს საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური აგენტების" შესახებ"სამოქალაქო იდეა" ხსნის, რატომ არის "ხალხის ძალის" კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პრობლემური. ამ კანონპროექტით, "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირების ვალდებულება ექნებათ უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს, იმავე ფუნქციების მატარებელ სხვა იურიდიული ფორმის (შპს, სსიპ) ორგანიზაციებს კი არა. იმის მიუხედავად, რომ იგივე დონორები, რომლებიც აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხშირად არიან ჩართული სახელმწიფო მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელებაშიც.
"გაუგებარია, რა პრინციპით არიან შერჩეული ამგვარი „გამჭვირვალეობისთვის“ კერძო სამართლის არამომგებიანი ორგანიზაციები და არა მაგალითად შპს-ები, სახელმწიფო სააგენტოები, საჯარო სამართლის ან რომელიმე სხვა სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირები?!
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოზიდული ფინანსური რესურსი, თავისი არსით, ისეთივე ინვესტიციაა, როგორც შპს-ების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ. ერთიც, სწორედ ამ მოზიდული ფულით ქმნის სამუშაო ადგილებს ან პროდუქტს და მეორეც", - წერს "სამოქალაქო იდეა".
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თუკი ეს კანონი არ გავრცელდება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, აღმოჩნდება, რომ "უცხოური გავლენის აგენტებად" სახელმწიფოს მნიშნელოვანი ნაწილიც მოიაზრება.
"მსგავს წარწერებს ვიხილავთ ქართველი სამხედროების ფორმებზე საქართველოს დროშის გვერდით, ქართველი პოლიციელების აღჭურვილობაზე, პრაქტიკულად ყველა საშუალო სკოლის შენობა-ნაგებობებზე, ქვეყნის შეიარაღების თითქმის სრულ კომპლექტზე. უცხო ქვეყნის აგენტებად უნდა გამოცხადდნენ, თითქმის ყველა უნივერსიტეტის მეცნიერები, მკვლევარები, რომლებიც სწორედ ამგვარი გრანტების არსებობის გამო ახერხებენ საკუთარი საქმიანობის გაგრძელებას, სტუდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც კონრად ადენაუერის ფონდის, ერასმუსის ან სხვა მსგავსი პროგრამების სტიპენდიები აქვთ, ექიმები და პაციენტები, ვინც სწორედ ამგვარი დახმარების ფარგლებში იღებენ მედიკამენტებს ან სამედიცინო აღჭურვილობას უფასოდ...
შესაბამისად, პრაქტიკულად მთელი საქართველო, ვინაიდან რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების, და განსაკუთრებით კი აშშ-ში რეგისტრირებული დონორი ორგანიზაციების მცდელობა და პროგრამები, საქართველოში შესაძლოა დღეს მასობრივი შიმშილის, „ც“ ჰეპატიტის და ბევრი სხვა მიზეზის გამო გადარჩენისთვის ბრძოლის დაუძლეველი პრობლემები გვქონოდა", - აღნიშნავს ორგანიზაცია.
"სამოქალაქო იდეა" მიიჩნევს, რომ მათ მიერ მოყვანილი არგუმენტების მიუხედავად, მსგავსი კანონის მიღება მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" მიზანს წარმოაჩენს - "ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის დაყოვნებისა და ქვეყნის სრული დეევროპიზაციისთვის".
"ხელისუფლების მხარდაჭერების ხშირად დასმულ კითხვაზე, რატომ უნდა აკეთებდეს ამას ხელისუფლება და რა ინტერესი აქვს, პასუხი უფრო ტრივიალურია, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ავტორიტარიზმისკენ გადახრილ პარტიას, ეშინია ევროპის, რომელსაც მოაქვს ქვეყნებში დემოკრატია, თავისუფლება, დისკრიმინაციის, შიშისა და სახელმწიფოს ტერორისგან თავისუფალი გარემო", - აღნიშნავს სამოქალაქო იდეა.
კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.
ასევე ნახეთ ვინ ჩაითვლება "უცხოური გავლენის აგენტად" - "ხალხის ძალის" კანონპროექტიდოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:
- ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
- ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).
ვინ იგულისხმება "უცხო ძალაში":
- სხვა სახელმწიფო ხელისუფლების სისტემების შემადგენელი ნაწილები;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეები;
- იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოში;
- ორგანიზაციები, მათ შორის ფონდები, რომლებიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში. რეგისტრაციისას აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ამ ორგანიზაციებს აქვთ ვალდებულება, საფინანსო დეკლარაცია ყოველწლიურად შეავსონ.
კანონპროექტი, თუ კანონად იქცა, იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას მიანიჭებს ჩაატაროს კვლევა. "უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდების" ან დეკლარაციის არშევსებისთვის ორგანიზაცია 25 ათასი ლარით დაჯარიმდება.
ასევე ნახეთ რომელი ქართველები მოხვდნენ პოტენციური "აგენტების" რუსულ სიებში და როგორია "აგენტების" ქართული სიის პერსპექტივა