საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ინტრესების დამცველი იურიდიული კომპანია MKD განცხადებას ავრცელებს და „იმედგაცრუებულია“ იმის გამო, რომ საერთაშორისო მედია ისევ უარს ამბობს გააშუქოს შვეიცარული ბანკის Credit Suisse-ის მენეჯმენტთან ბიძინა ივანიშვილის დავა.
„ინფორმაცია „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის ქმედებათა აღმწერი მორიგი მწვავე სტატიის საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებაზე განმეორებითი უარის შესახებ“, - ამ სათაურით გავრცელებულ ვრცელ განცხადებაში აღწერილია ბანკის მენეჯმენტსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დავის დეტალები და ნათქვამია, რომ საერთაშორისო მედიაში უკვე ტენდენციის სახე მიიღო ამ საკითხის გაუშუქებლობამ.
„მიმდინარე კვირაში, ბატონი ივანიშვილის პიარ გუნდს ჰქონდა მცდელობა მორიგი სტატიის გამოქვეყნებისა, თუმცა, ჩვენ ისევ იმ ბარიერს შევეჯახეთ, რომელსაც ბანკის მენეჯმენტის მამხილებელი სტატიების ცენზურა ჰქვია. შეგახსენებთ, რომ როდესაც საქმე ეხება ბანკის კრიტიკას, წამყვანი საერთაშორისო მედია, მათ შორის, Financial Times, Wall Street Journal, Bloomberg, Reuters და მსგავსი კალიბრის სხვა გამოცემები სიამოვნებით აქვეყნებენ მათ. სიტუაცია კარდინალურად განსხვავდება, როდესაც ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჟღერდება ლოგიკური და ობიექტური ანალიზი, რასაც მოსდევს ასეთივე, საღ მსჯელობაზე დაფუძნებული ლეგიტიმური შეკითხვები“. წერია განცხადებაში.
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ინტრესების დამცველი იურიდიული კომპანია MKD განცხადებაში სვამს შეკითხებს ვინ არის ის ძალა, „ვინც ბანკის მენეჯმენტს ბატონი ივანიშვილის შანტაჟი დაუკვეთა?“ და „ვინ არის ის ძალა, რომელმაც ევროპარლამენტს ორჯერ მიაღებინა რეზოლუცია ბატონი ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით.
„ვინ არის ის ძალა, ვინც ბანკის მენეჯმენტს ბატონი ივანიშვილის შანტაჟი დაუკვეთა? ვინ არის ის ძალა, რომელმაც, ამ ერთი მცირე ეპიზოდის მაგალითზეც გვაჩვენა, რომ ბანკის მენეჯმნეტს ბატონი ივანიშვილისთვის თანხის გადახდას უკრძალავს? ვინ არის ის ძალა, რომელმაც ევროპარლამენტს ორჯერ მიაღებინა რეზოლუცია ბატონი ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით და ორივე ჯერზე არ მისცა მისი ბოლომდე რეალიზების, აღსრულების საშუალება, რაც აჩვენებს, რომ მიზანი შანტაჟი იყო და არა რეალური სანქცირება? ვინ არის ის ძალა, ვინც ევროპულ მედიაში წვდომას ბლოკავს მაშინ, როდესაც საქმე ბანკის მენეჯმენტს შეეხება? დაე, მკითხველმა შეაფასოს, არის თუ არა ეს ყოველივე ერთი ცენტრიდან მართული“, - ნათქვამია განცხადებაში.
გასული წლის დეკემბერში ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ, რომლის თავდაპირველ ტექსტში ივანიშვილის "ოლიგარქობა" და მისთვის სანქციების დაწესება შეტანილი არ იყო. ოლიგარს მას უწოდებენ შესწორება #2-ში. გარდა ამისა, შესწორება #6-ში, რომლის ავტორიცაა ევროპის სახალხო პარტიის დეპუტატი მირიამ ლექსმანი. ის მოითხოვდა ივანიშვლისთვის პერსონალური სანქიების დაწესებას დემოკრატული პროცესების გაუარესების გამო. ამ ფორმულირებას მხარი დაუჭირა 275-მა დეპუტატმა. წინააღმდეგი იყო 212. თავი შეიკავა 132-მა.
ევროპარლამენტმა დღეს, 15 თებერვალს კენჭი უნდა უყაროს რეზოლუციას, რომლითაც კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება. დოკუმენტის შესწორებაში ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობას “ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პერსონალური ვენდეტას” უწოდებენ. .
- გასული წლის სექტემბერში საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სინგაპურში სასამართლოზე განაცხადა, რომ Credit Suisse-მა არ მიმართა ზომებს, რომ თავიდან აეცილებინა ივანიშვილის კუთვნილი 1,27 მილიარდი დოლარის დაკარგვა.
- ივანიშვილმა Credit Suisse-ს სინგაპურში ბრალი დასდო იმაში, რომ მან ვერ შეძლო მისი ინვესტიციების დაცვა და „სათანადო ზომების მიღება“ დანაკარგებისგან მის დასაცავად, რაც დაკავშირებული იყო ჟენეველი ბანკირის, პატრის ლეკოდრონის მიერ ჩადენილ თაღლითობასთან.
- Credit Suisse-ის სატრასტო განყოფილებამ განაცხადა, რომ ივანიშვილის მოთხოვნა გადაჭარბებულია და სასამართლოს მოსთხოვა მისი უარყოფა.
- ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან რამდენიმე სასამართლო დავა აქვს. ერთი შეეხება შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციების შეფერხებას, რის გამოც ივანიშვილს ფინანსური ზარალი მიადგა.
- ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან ერთი სასამართლო დავა უკვე მოგებული აქვს და ბანკს 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.
- მისი დავა შვეიცარიულ ბანკთან დაიწყო 2011 წელს, როცა ის კერძო საბანკო მომსახურების სფეროში იყო მისი კლიენტი. ამ პერიოდში გავრცელდა საქმის დეტალები, რომელთა მიხედვით, ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავალობაში ბანკის თანამშრომელი პატრის ლესკოდრონი იპარავდა ფულს შვეიცარიული ბანკის ყველაზე კონფიდენციალური ანგარიშებიდან, რომელთა შორის იყო ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვიტალი მალკინის ანგარიშები. შვეიცარიის მარეგულირებელი ფირმის, Finma-ს ანგარიშის თანახმად, რომელიც თებერვალში გავრცელდა, Credit Suisse-მა არ მიიღო ზომები არაერთი გაფრთხილების და ასეულობით საეჭვო გარიგების შესახებ მტკიცებულების და ოთხი ოფიციალური დისციპლინარული განხილვის შემდეგ.