იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ სხვადასხვა მედიასაშუალებებში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. უწყება იმის საილუსტრაციოდ, რომ მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია კლინიკა "ვივამედიდან" აქვეყნებს ბოლო რამდენიმე დღით დათარიღებული კადრების კომპილაციას.
"გარკვეული მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი აღქმების ჩამოსაყალიბებლად ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელთა მიხედვითაც მსჯავრდებულს არ შეუძლია დამოუკიდებლად ელემენტარული ფიზიკური მოქმედებების შესრულება და დახმარების გარეშე გადაადგილება...
საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით ვაქვეყნებთ რამდენიმე ვიდეოკადრს, სადაც ნათლად ჩანს, რომ გავრცელებული ამბები არ შეესაბამება სინამდვილეს", - წერია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე 15 თებერვალს, 15:30 საათზე გამოქვეყნებული ვიდეო 83 წამი გრძელდება, თუმცა არ ისმის ხმა. ყველაზე ძველი ფრაგმენტი 2022 წლის 17 დეკემბრითაა დათარიღებული, ყველაზე ახალი კი 2023 წლის 9 თებერვლით.
- 2022 წლის 17 დეკემბერი - ჩანს, როგორ გამოდის სააკაშვილი საპირფარეშოდან და ასწორებს საწოლს;
- 2023 წლის 1 თებერვალი - თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილი სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების სხდომაზე დისტანციურად ერთვება. მასთან პალატაში ხუთი ადამიანია;
- 2023 წლის 8 თებერვალი - საააკაშვილი დამხმარე საშუალებების გამოყენებით საწოლიდან ტუალეტამდე მიდის და უკან ბრუნდება;
- 2023 წლის 9 თებერვალი - სააკაშვილი მისთვის გამოყოფილი ერთი ოთახიდან მეორეში დამხმარე საშუალებებით, თუმცა მისი გამოყენების გარეშე გადის.
რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია CNN-მა გამოავეყნა სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატის მიწოდებული ვიდეოკადრები, რომელიც 4 და 6 თებერვლს პატიმრის პალატაში იყო გადაღებული. მასალაში ჩანდა, საბარაუდოდ, გონების დაკარგვის ეპიზოდები.
ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ადვოკატი აცხადებდა, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანა, რადგან უკვე არსებობს სერიოზული რისკი, რომ ის მკურნალობის შემთხვევაშიც ვეღარ გამოჯანმრთელოდება.
ასევე ნახეთ CNN-ი ავრცელებს „ვივამედში“ გადაღებულ მიხეილ სააკაშვილის კადრებსსაქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედშია“ - ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო მძიმდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.
ასევე ნახეთ რით ასაბუთებს მოსამართლე არევაძე სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე უარს - განჩინების დეტალები