ევროინტეგრაციისგან გადახრა - ქართველი და უცხოელი ექსპერტები "ხალხის ძალის" ინიციატივაზე

"ხალხის ძალა"

ქართველები და უცხოელი ექსპერტები უარყოფითად აფასებენ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ნაწილის, "ხალხის ძალის" შემუშავებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" კვლევაში ეს შეფასებულია, როგორც "ევროინტეგრაციული პროცესისგან რადიკალური გადახრა", რაც "ნეგატიურად აისახება, სამომავლოდ, ევროპული ინსტიტუტებისგან ფინანსური დახმარების მიღებაზე".

ასევე ნახეთ ვინ ჩაითვლება "უცხოური გავლენის აგენტად" - "ხალხის ძალის" კანონპროექტი

ექსპერტთა მოსაზრებების შეგროვება არასამთავრობო ორგანიზაციამ 2022 წლის 29 დეკემბრის შემდეგ დაიწყო, როცა "ხალხის ძალამ" კანონპროექტის შექმნაზე საჯაროდ ისაუბრა, შეფასებები კი დღეს, 15 თებერვალს გამოქვეყნდა, დოკუმენტის პარლამენტში დარეგისტრირების მეორე დღეს.

ჰუბერტუს იანი - რუსეთისა და კავკასიის ისტორიის პროფესორი, კემბრიჯის უნივერსიტეტი

"აღნიშნული პოლიტიკა პირველად მიიღეს და გამოიყენება რუსეთის ფედერაციაში და შედეგს ყველა ხედავს. ამან რუსეთში გამოიწვია დემოკრატიული და სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურების სრული დემონტაჟი და ავტოკრატიული და კორუმპირებული დიქტატურის აღზევება, რასაც თან ახლავს მრავალი შეუზღუდავი სასჯელი და უდანაშაულო პირების დაპატიმრება... ეს, ფაქტობრივად, გააჩერებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს (რაც, შესაძლოა, განზრახული იყოს წარმოდგენილი კანონპროექტის მიღმაც). კანონის მიღება გრძელვადიან გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკურ აღმავლობასა და განვითარებაზე. ამავდროულად, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოში ახალგაზრდა და განათლებულ თაობაზე, რომელთაგან ბევრმა, შესაძლოა, ქვეყნიდან წასვლა მიიჩნიოს გამოსავლად (ისევე, როგორც რუსეთში)".

სტივენ ჯონსი - დირექტორი, ქართული კვლევების ცენტრი, ჰარვარდის უნივერსიტეტი

"ეს არის პროცესის დასაწყისი, რომელიც ანადგურებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თავისუფლებას, იმოქმედონ მთავრობის წნეხის შიშის გარეშე და გამოხატონ განსხვავებული აზრი... ეს არის საშინელი მინიშნება საბჭოთა დროზე, როდესაც „უცხოობა“ სახიფათო იყო. ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს მისწრაფებას დემოკრატიული ღიაობისკენ და ძირს უთხრის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების მიზანს".

ჯული ჯორჯი - პოლიტიკის მეცნიერების ასოცირებული პროფესორი, ქუინს კოლეჯი, CUNY

"[ეს] არის ინსტრუმენტი იმ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების იზოლირებისთვის და შევიწროებისთვის, რომელთა ხმები, თუნდაც რთულად მოსასმენი, დემოკრატიული მმართველობის ფუნდამენტია... ეს კანონი არ არის უბრალოდ კანონი - ეს არის გზავნილი დასავლეთისთვის, რომ დემოკრატიის მშენებლობის მცდელობები საქართველოში დასრულდა".

ლინკოლნ მიტჩელი - კოლუმბიის უნივერსიტეტი

"ამგვარი კანონის მიღება ვერ დაეხმარება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში, თუმცა ევროპაში საქართველომ უკვე გადაინაცვლა რიგის უკან, შესაბამისად, ამ კანონპროექტის მიღება დიდად გადამწყვეტი არ იქნება".

ჰელგე ბლეკისრუდი - ასოცირებული პროფესორი, ოსლოს უნივერსიტეტი

"[ამ] კანონის მიღება, ამ სიტუაციაში, იქნება ბრიუსელსა და ევროპულ დედაქალაქებში ფუნდამენტურად არასწორი სიგნალის გაგზავნა".

ქრისტოფერ ბერგლუნდი - ასოცირებული პროფესორი, მალმეს უნივერსიტეტი

" ეს კანონპროექტი ქმნის შესაბამის გარემოს სამოქალაქო ორგანიზაციების შევიწროებისთვის. ევროკავშირისთვის არ ექნება აზრი ფინანსური დახმარების გაგრძელებას, რომ არაფერი ვთქვათ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე სახელმწიფოსთვის, რომელიც ღირებულებებს ცხადად უგულვებელყოფს".

შტეფან მაისტერი - DGAP, საერთაშორისო წესრიგისა და მმართველობის ცენტრის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთსა და ცენტრალურ აზიაში

"საქართველოს მთავრობამ გადაუხვია ტრანსატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის გზიდან. მისი მოქმედებები მედიის წინააღმდეგ, კანონის უზენაესობის შესუსტება და ახლა კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ ბრიუსელში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ აღქმულია კრიტიკულად, რადგან საბოლოო ჯამში ის ძირს უთხრის ევროინტეგრაციის საკვანძო კომპონენტებს".

სონია შიფერსი - დირექტორი, ჰაინრიხ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონის თბილისის ოფისი

"საუბრები ე.წ. უცხოური აგენტების კანონის შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების შეშინებას. სამოქალაქო საზოგადოება ძალიან კრიტიკულია საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის არასრულფასოვან შესრულებასთან დაკავშირებით".

ტრეისი ჯერმანი - პროფესორი, ლონდონის სამეფო კოლეჯი

"ფინანსური გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, მაგრამ შეშფოთება ამ კანონპროექტის შესახებ ჩნდება იმის გამო, თუ როგორ იყენებს რუსეთი საკუთარ კანონმდებლობას „უცხოელი აგენტების“ შესახებ, რათა შეზღუდოს და აკრძალოს ორგანიზაციების და ინდივიდების ფართო სპექტრის აქტივობა. ეს კი ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რაც ასოცირდება ლიბერალური დემოკრატიის გამართულ ფუნქციონირებასთან".

ტომას დე ვაალი - უფროსი მკვლევარი, კარნეგი ევროპა

"ამ ინიციატივის მიღება ნაკლებადაა მოსალოდნელი და შეიძლება აღვიქვათ უფრო როგორც გამიზნული პროვოკაცია. ეს არის პოლიტიკოსთა გუნდის იდეა, რომელსაც არ აქვთ საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ ინტერესი, და რომელსაც უნდა საკუთარი დღის წესრიგის წინ წამოწევა, სახელის გათქმა დასავლელ პოლიტიკოსებთან საჯარო დაპირისპირების გზით".

ვანო ჩხიკვაძე - "ღია საზოგადოების ფონდი"

"გადაწყვეტილება, დიდწილად, შეეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაცია #10-ს, რაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვას გულისხმობს".

გია ნოდია - ილიას უნივერსიტეტის პროფესორი

"ეს კანონი არსებითად იმეორებს რუსეთის და მისი სატელიტების თუ მიმბაძველების მსგავს კანონმდებლობას, რომლის მიზანია, აღმოფხვრას დასავლურ ქვეყნებთან დაკავშირებული ორგანიზაციების საქმიანობა მათ ქვეყნებში".

დავით აფრასიძე - პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

"ის გამოყენებული იქნება სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტივისტების დისკრედიტაციისთვის, ასევე, შექმნის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაკონტროლებისთვის. ამდენად, ეს ნეგატიურად აისახება საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე".

თინათინ ახვლედიანი - მკვლევარი, ფინანსური ბაზრებისა და ინსტიტუტების დეპარტამენტის უფროსი, ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრი (CEPS)

"ბოლო წლებია საქართველოში ადგილი აქვს არაფორმალურ მმართველობას, კორუფციას, პოლიტიზებული მართლმსაჯულების და უარესდება მედიის თავისუფლება. ამ ფონზე კი აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს სახელმწიფოს უფრო მეტად მიტაცებას".

ნატა საბანაძე - მოწვეული პროფესორი, მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში

"უარყოფითად იმოქმედებს ევროინტეგრაციის პროცესზე, რომლისგან გადახვევა უკვე დაწყებულია".

თამარ ხულორდავა - ეგერია სოლუშენს, დამფუძნებელი პარტნიორი

"ქვეყანას, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო თავისუფლებებს და აქტივობას, რომელიც მიზანმიმართულ კამპანიას ეწევა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ არავინ განიხილავს ევროკავშირის წევრობის
სერიოზულ კანდიდატად".

კახა გოგოლაშვილი - უფროსი მკვლევარი, რონდელის ფონდი

"ნებისმიერი იურისტი "უცხოელი აგენტების" კანონს განიხილავს, როგორც ასოცირების შეთანხმების
სულისკვეთების და თანამშრომლობის ძირითადი პრინციპების დაზიანების მცდელობას.

თორნიკე გორდაძე - პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი

"შესაძლებელია, რომ ამ კანონპროექტზე საუბარი მმართველი ძალის ერთგვარი ტაქტიკაა და ამით ის ცდილობდეს დასავლეთიდან (ევროკავშირიდან და აშშ-დან) გახშირებული კრიტიკაზე ამგვარ რეაგირებას. მმართველი პარტია (“ხალხის ძალა” მის ნაწილად და ინსტრუმენტად უნდა განვიხილოთ) ამით აჩვენებს მის მზაობას რომ დასავლეთიდან მომავალ წნეხზე მას შეუძლია ამგვარი რეაგირება:
ღიად ავტორიტარული რეჟიმის დამყარება, რომლის გეოპოლიტიკური გაგრძელება იქნება საბოლოოდ რუსეთის ორბიტაზე გადასვლა".