გოგი წულაიას სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის სააპელაციომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

გოგი წულაია

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოლიტიკოსი გოგი წულაია სექსუალური ხასიათის ქმედებაში დამნაშავედ ცნო და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მასალა არქივიდან „ქალთა მოძრაობა" და ქალთა ორგანიზაციები გმობენ გოგი წულაიას შესახებ ოპოზიციის განცხადებას

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 მარტს მსჯავრდებულმა მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, დაზარალებულს თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე, მოლაპარაკებაში დახმარების მიზნით გაყოლა სთხოვა. თბილისში ჩამოსვლის შემდგომ, მსჯავრდებულმა დაზარალებულს ნაქირავებ ბინაში ღამე დარჩენა შესთავაზა, სადაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, ამ უკანასკნელის მიმართ ძალადობით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. აღნიშნული ძალადობის შედეგად დაზარალებულმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

პოლიტიკოსის წინააღმდეგ გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) ატარებდა. ამ დანაშაულისთვის 4-დან 6 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

პოლიტიკოსი დანაშაულს არ აღიარებს. მან ქვეყანა რამდენიმე თვის წინ, საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებამდე დატოვა.

იგი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 11 ნოემბერს უდანაშაულოდ ცნო სექსუალური ძალადობის ნაწილში და დამნაშავედ მიიჩნია იმგვარ ძალადობაში, რომელმაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ამ დანაშაულისთვის სასამართლომ წულაიას 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ვინაიდან აღნიშნულ საქმეზე ის 4 თვის განმავლობაში იყო წინასწარ პატიმრობაში, მხოლოდ ორთვიანი პატიმრობა ელოდა.

ასევე ნახეთ გოგი წულაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო სექსუალურ ძალადობაში - ის თავშესაფარს სთხოვს საფრანგეთს

საქართველოს პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.