ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვებით უკრაინის უზრუნველსაყოფად 522 მილიონი დოლარის კონტრაქტები გაუფორმა ორ კომპანიას(Northrop Grumman Systems Corp. და Global Military Products Inc). ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ წერს.
გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინისთვის შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორების მიერ გადაცემული ჭურვების სწრაფად ამოწურვის ტენდენციით გამოწვეული შეშფოთების ფონზე. უკრაინა საარტილერიო ჭურვების ახალ პარტიას მარტიდან მიიღებს.
გასული წლის ნოემბერში, ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები დღეში 20 ათასამდე საარტილერიო გასროლას ახორციელებდნენ, ხოლო უკრაინელები - 4 ათასიდან 7 ათასამდე. ზამთრის დადგომასთან ერთად, ორივე მხარემ დაიწყო საბრძოლო მასალების დაზოგვა. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 13 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინის არმიის მიერ საბრძოლო მასალების გამოყენების ტემპი ბევრად აღემატება დასავლეთში მათი წარმოების ტემპს, ამიტომ აუცილებელია მისი გაზრდა.
ასევე ნახეთ გენერალი მილი: რუსეთმა განიცადა სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური მარცხი