შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, ზღვაში მომხდარი აფეთქების შემდეგ უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას გეგმავს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შავ ზღვაში, ტერიტორიულ წყლებში სპეციალური ბარიერები განთავსდება.
უწყების გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია:
- სანაპირო დაცვის თანამშრომლები ბათუმისა და ფოთის მიმდებარე აკვატორიისა და ანაკლიიდან სარფამდე სანაპირო ზოლს ეტაპობრივად ამონიტორინგებენ;
- იგეგმება ადგილობრივ მეთევზეებთან, სანაოსნო-სატრანსპორტო საქმიანობაში ჩართულ ორგანიზაციებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შინაარსის შეხვედრების გამართვა;
- ნავსადგურების კაპიტნებმა და ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ადგილობრივ მოსახლეობას, კომერციული, სატრანსპორტო და სატვირთო გემებისა და თევზსაჭერი სეინერების წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია.
"რეგიონში არსებული ვითარების გამო ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა შავი ზღვის მიმდებარე სხვა სახელმწიფოებშიც... ნებისმიერ შეტყობინებასა თუ ინფორმაციაზე ოპერატიულ რეაგირებას მოახდენს კრიმინალური პოლიცია", - აღნიშნულია განცხადებაში.
გუშინ, 13 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე ბათუმში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. "ფეისბუკში" გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანდა, როგორ ფეთქდებოდა წყალში მოტივტივე საგანი, რომელიც საზღვაო ნაღმს ჰგავდა.
ასევე ნახეთ ბათუმში, სავარაუდოდ, საზღვაო ნაღმი აფეთქდაშინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის (აფეთქება) პირველი ნაწილით დაიწყო.
უკრაინული მედია პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას ქვეყნის შავი ზღვის სანაპიროზე საზღვაო ნაღმების აფეთქებების შესახებ. მაგალითად, იანვარში, ბულგარეთის საზღვაო ფლოტის სპიკერმა განაცხადა, რომ მყვინთავებმა გაანადგურეს საზღვაო ნაღმი, რომელიც მდებარეობდა ქვეყნის სანაპიროზე. თურქეთის საზღვაო ძალებმა ასევე გამოაცხადეს, რომ აგრძელებენ ბრძოლას შავ ზღვაში ნაღმების საფრთხის წინააღმდეგ.