დაახლოებით ერთი საათის წინ [18:05 სთ] ბათუმში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. მალევე "ფეისბუკში" გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ფეთქდება წყალში მოტივტივე საგანი, რომელიც საზღვაო ნაღმს ჰგავს.
დაზარალებული არავინაა.
ამ დროისთვის სახელმწიფო უწყებებს ოფიციალური განმარტებები არ გაუვრცელებიათ. აფეთქების ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, შემოსაზღვრულია ზღვის ნაპირის ის ნაწილი, სადაც სავარაუდოდ აფეთქება მოხდა.
ერთ-ერთ ფეისბუკგვერდზე, სადაც აფეთქების ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა, ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო "საბჭოთა წარმოების წყალზედა განთავსების ხომალდსაწინააღმდეგო ნაღმი, რომელიც სავარაუდოდ უკრაინის ან რუსეთის სანაპირო ზოლიდან გამორიყა ზღვამ".
უკრაინული მედია პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას ქვეყნის შავი ზღვის სანაპიროზე საზღვაო ნაღმების აფეთქებების შესახებ. მაგალითად, იანვარში, ბულგარეთის საზღვაო ფლოტის სპიკერმა განაცხადა, რომ მყვინთავებმა გაანადგურეს საზღვაო ნაღმი, რომელიც მდებარეობდა ქვეყნის სანაპიროზე. თურქეთის საზღვაო ძალებმა ასევე გამოაცხადეს, რომ აგრძელებენ ბრძოლას შავ ზღვაში ნაღმების საფრთხის წინააღმდეგ.
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.
ასევე ნახეთ ბათუმში მომხდარი აფეთქების გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო