36 ათასს გადააჭარბა მიწისძვრის მსხვერპლის რიცხვმა თურქეთსა და სირიაში

მიწისძვრის შედეგები თურქეთში

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრიდან ერთი კვირის თავზე ნანგრევებიდან ამოტანილია 36 ათასზე მეტი ადამიანის გვამები. მაშველები კვლავ პოულობენ ცოცხლად გადარჩენილებს, თუმცა ამგვარი ცნობები სულ უფრო იკლებს.

მიწისძვრით დანგრეული სახლების გამო სიკვდილიანობის შემსწავლელი ექსპერტების თქმით, ნანგრევებში გადარჩენის შანსი მნიშვნელოვნად მცირდება ხუთი დღის შემდეგ და ნულთან ახლოსაა ცხრა დღის შემდეგ - თუმცა გამონაკლისებიც ხდება.

ვითარებას ართულებს ცივი ამინდი და შენობების არასწორი კონსტრუქციები, რის გამოც სახლები პატარა ნაწილებად დაინგრა, რამაც პრაქტიკულად არ დატოვა სივრცეები გადარჩენისთვის. თურქეთში ამგვარი ნაგებობების აშენების გამო უკვე სულ მცირე 131 ადამიანზეა აღძრული გამოძიება.