აშშ-მა კვლავ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი

აშშ-ის საელჩო მოსკოვში

მოსკოვში აშშ-ის საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ ან დროებით იმყოფებიან, ურჩევს, „დაუყოვნებლივ“ დატოვონ ქვეყანა. ცნობა საელჩოს საიტზეა გამოქვეყნებული.

ამის მიზეზად ასახელებენ „უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების არაპროვოცირებული ფართომასშტაბიანი შეჭრის არაპროგნოზირებად შედეგებს“, ასევე რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ აშშ-ის მოქალაქეთა შესაძლო დევნას, რუსეთთან სატრანსპორტო კავშირის შეზღუდულობას, აშშ-ის საელჩოს შეზღუდულ შესაძლებლობებს, დაეხმაროს რუსეთში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს და ტერორისტული აქტების საფრთხეს. აშშ-ის მოქალაქეებს ასევე ურჩევენ, არ იმოგზაურონ რუსეთში.

ცნობაში მითითებულია, რომ სექტემბერში რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა და რუსეთის ხელისუფლებამ ჯარში შეიძლება გაიწვიოს ორმაგი, აშშ-ისა და რუსეთის, მოქალაქეობის მქონე პირები ისე, რომ უგულებელყოს მათი ამერიკული მოქალაქეობა.

ასევე საელჩო იუწყება, რომ გაიზარდა საფრთხე რუსეთის ავიახაზებით მოგზაურობისას, ვინაიდან კომპანიები არ იცავენ უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებს. ხაზგასმულია, რომ აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს, როგორც წესი, ეკრძალებათ რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავებით მგზავრობა.

ამერიკელებს ასევე მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ნებისმიერ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან.

შარშან აშშ-ის საელჩომ ორჯერ მოუწოდა ამერიკელებს, „დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ რუსეთი“. პირველად ეს იყო 28 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე დღეში. მეორედ კი 28 სექტემბერს, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა ორშაბათს აშშ-ს ბრალი დასდო ახლო აღმოსავლეთში „ჯიჰადისტური დაჯგუფებების მებრძოლთა“ დაქირავებაში თითქოს ტერაქტების მოსაწყობად რუსეთსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში. ვაშინგტონს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ამ განცხადებაზე.