ირაკლი კობახიძის განცხადება ენმ-ს მხარდამჭერებმა "ქართული ოცნების" ოფისთან გააპროტესტეს

აქცია პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები დილიდან "ქართული ოცნების" ოფისთან შეიკრიბნენ. პოლიტიკოსები და მათი მხარდამჭერები აპროტესტებენ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, რომელშიც ის უკრაინაში დაწყებულ ომში "ამ ეტაპზე რუსულ მხარის გარკვეულ უპირატესობაზე" საუბრობდა.

აქცია პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან

"ირაკლი კობახიძე ქართველ პესკოვად [რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი] მოგვევლინა და კრემლის ფილიალად აქცია "ოცნების" ოფისი. ერთადერთი ადამიანი, ვინც რეგიონში საუბრობს კრემლის სამხედრო უპირატესობაზე, რომელიც რეალურად არ არსებობს, არის კობახიძე და მიდი გუნდი", - უთხრა "ფორმულას" "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.

ირაკლი კობახიძის განცხადების გაპროტესტების გარდა, აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.

ასევე ნახეთ მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

9 თებერვალს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს ომში ჩართვის მიმართ "მანკიერი სურვილი" იზრდება, რადგან უკრაინასთან ომში "ამ ეტეპზე რუსულ მხარეს გარკვეული უპირატესობა აქვს". მისივე სიტყვებით, ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო.

"საერთო ჯამში, ომის დაწყებამდე რუსეთს ოკუპირებული ჰქონდა ყირიმი და დონბასის ნაწილი. დღეს რუსეთს ოკუპირებული აქვს ხერსონის 80%, ასევე ხარკოვის ოლქის ნაწილი და ზაპოროჟიეს ოლქის 80%", - თქვა კობახიძემ.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, „ამერიკის ხმასთან“ ისაუბრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ და თქვა, რომ ქართული მხარე უნდა შეეცადოს და ომზე კომენტარები არ გააკეთოს.