რუსეთს სამხედრო ბაზა ექნება სუდანში, წითელი ზღვის სანაპიროზე

რუსეთის სამხედრო ფლოტის, "ამურის" კლასის ხომალდი - PM-138 პორტ სუდანის ნავსადგურში. 2 მაისი, 2021 წელი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სუდანში ვიზიტისას ამ ქვეყნის მთავრობასთან გააფორმა შეთანხმება სამხედრო ბაზის შექმნის შესახებ წითელი ზღვის სანაპიროზე.

Associated Press-ის წყარო იტყობინება, რომ შეთანხმების გარშემო არსებული პრობლემები მოგვარებულია. შეთანხმება ითვალისწინებს პორტ-სუდანში, უმსხვილეს სანავსადგურო ქალაქში, ბაზის შექმნას, სადაც განთავსდებიან 300 რუსი სამხედრო მეზღვაური და ოთხამდე ხომალდი, მათ შორის ერთი - ატომური ძრავით.

რუსეთს და სუდანს შორის ეს შეთანხმება 25 წლით დაიდო მოქმედების ვადის ათი წლით გაგრძელების შესაძლებლობით.

რუსეთს ამ შეთანხმებით, ნავსადგურის საშუალებით სწრაფი წვდომა ექნება ინდოეთის ოკეანეში. სანაცვლოდ რუსეთი სუდანს იარაღს მიაწვდის.

სუდანი ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის ქვეყნებს შორის, რომლებმაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია ცნეს.

სამხედრო-საზღვაო ფლოტის მომარაგებისთვის სუდანის სანაპიროზე მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების პუნქტის შექმნის შესახებ მოსკოვსა და ხართუმს შორის შეთანხმების გაფორმების თაობაზე ცნობა 2020 წლის დეკემბერში გავრცელდა.

აშშ-ის თანახმად, კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ მიერ დაქირავებულები სუდანსა და აფრიკის სხვა ქვეყნებში ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციით არიან დაკავებული და იქ მოგებული თანხები უკრაინაში ომს ხმარდება.

მოსკოვი ამგვარ ბრალდებებს უარყოფს.