გალერეის დირექტორი: სულაბერიძეს არავინ დაიჭერს, თუმცა ადმინისტრაციულ ჯარიმას აუცილებლად დაუწესებენ

ეროვნული გალერეა, 4 თებერვალი

ეროვნული გალერეის დირექტორი, მაცაცო გაბუნია, სოციალურ ქსელში ეხმაურება 4 თებერვალს, ეროვნულ გალერეაში გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძის მიერ საკუთარი ნამუშევრის ჩამოხსნისა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერილ ფრაზას - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.

სანდრო სულაბერიძის ამ გადაწყვეტილებას ის „ინფანტილურ მავნებლობას“ უწოდებს.

როგორც მაცაცო გაბუნია სოციალურ ქსელში წერს, კანონისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ მისმა თაყვანისმცემელმა. გამოფენის მსვლელობისას დაიკარგა ნამუშევარი და ამის შესახებ მან თავად განაცხადა პოლიციაში.

გალერეის დირექტორი წერს, რომ ის „ქუჩური „გაგებებით“ ვერ იხელმძღვანელებდა, რადგან „ხვალ ვინმემ ფოროსმანი რომ გაიტანოს“, პირველ რიგში სწორედ მას მოეთხოვება პასუხი.

მაცაცო გაბუნიას თქმით, სანდრო სულაბერიძის „პერფორმანსის“ გამო, მას გამოეცხადა საყვედური, ერთ-ერთმა თანამშრომელმა კი სამსახური დატოვა:

„ასეა თუ ისე, ამ „უცოდველი“ აქტის გამო, ერთი ადამიანი უკვე რეალურად დაზარალდა, რომ აღარაფერი ვთქვათ გალერეის დათრგუნულ თანამშრომლებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც აწი უნდა გამოიფინონ გალერეის სივრცეში, რომლის საგამოფენო პოლიტიკა არის დამოუკიდებელი და სადაც უკვე სრულად არის შევსებული 2023-2024 წლების საგამოფენო გრაფიკი. მინდა ისიც გითხრათ, რომ ჩემს განცხადებაში მომხდარი ფაქტის შესახებ, მე არ ვითხოვ სანდრო სულაბერიძის დაჭერას, რადგან განაცხადების დაწერის მომენტში, ჩვენთვის უკვე ცნობილი იყო, ვინ გაიტანა ნამუშევარი“.

ეროვნული გალერეის დირექტორი ამბობს, რომ ადმინისტრაციული ჯარიმა, რომელიც კანონდარღვევის გამო გამოიწერა, გამოფენის სპონსორმა უკვე გადაიხადა. სანდრო სულაბერიძის დაკავება კი არ იგეგმება:

„აქვე მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი, იმის შესახებ, რომ მას არავინ დაიჭერს, თუმცა ადმინისტრაციულ ჯარიმას აუცილებლად დაუწესებენ, რაც აბსოლუტურად გამართლებული იქნება ისევ და ისევ კანონიდან გამომდინარე. ისიც მინდა გაცნობოთ, რომ ეს ჯარიმაც უკვე გადახდილია გამოფენის სპონსორის მიერ. უბრალოდ საზოგადოებამ უნდა აცალოს კანონს, გაიაროს ყველა აუცილებელი ეტაპი და ისე დასრულდეს. ასე, რომ, სამომავლოდ, „პერფორმანსები“ ჯობს ისე დაგეგმოთ, რომ არ შეხვიდეთ კანონთან კონფლიქტში და თუ მანც შეხვალთ, სასჯელისთვისაც იყოთ მზად. არავის ავნოთ და მხატვრის ნამუშევარზე პასუხისმგებელ ადამიანებს არ შეუქმნათ მძიმე პრობლემები იმისთვის, რომ თქვენი გზავნილი და ქმედება მართლაც იყოს მნიშვნელობის მატარებელი ხელოვნება და არა ინფანტილური მავნებლობა“.

ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.

მომხდარი ფაქტის გამო, იმავე დღეს, საქმის წარმოება დაიწყო ქურდობის მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ისჯება შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.

11 თებერვალს, გამოფენის, „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილეებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც დაგმეს თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული ორგანიზაციების და ხელოვანების მიმართ "ანტაგონიზმი და რეპრესიები".

11 თებერვალს მსგავსი განცხადება, სადაც დაგმობილი იყო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, გაავრცელა საქართველოს პენცენტრმაც.