თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, რომ მიწისძვრის ზონიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანას შეეცდებიან.
ამის შესახებ ელჩი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ სტიქიის ეპიცენტრისკენ მიემართებიან:
„უკვე ადანაში ვართ. მივემგზავრებით სტიქიის ეპიცენტრისკენ. მოვინახულებთ ქართველ მაშველებს, დავარიგებთ დახმარებას და შეძლებისდაგვარად მიწისძვრის ზონიდან გამოვიყვანთ ჩვენს თანამემამულეებს”, - წერს საქართველოს ელჩი „ფეისბუქზე“.
ბოლო მონაცემებით, 6 თებერვლის დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 28 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის, ხუთი, საქართველოს მოქალაქეა.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.
ასევე ნახეთ დადასტურდა თურქეთში მიწისძვრისას საქართველოს მეხუთე მოქალაქის დაღუპვა