თურქეთსა და სირიაში, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შაბათს, გვიან ღამის მონაცემებით, 28 ათასს გადააჭარბა.
თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ფუატ ოქტაიზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ თურქეთში, დაღუპულთა რიცხვმა 24 617-ს მიაღწია.
საინფორმაციო სააგენტო AFP-ის მონაცემებით, სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 3556 ადამიანი.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ინფორმაციით, თურქეთში დაკარგულად ითვლება 32 071 ადამიანი. მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 80 ათასს აჭარბებს.
ოქტაის განცხადებითვე, მიწისძვრით დაზარალებულ 10 პროვინციაში, იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის მიერ შექმნილია საგამოძიებო დანაყოფები.
ვიცე პრემიერის თქმით, უკვე გამოვლენილია 131 ადამიანი, რომლებიც, სავარაუდოდ. ბრალდებულნი არიან მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლების უხარისხოდ მშენებლობაში. მათგან ერთი უკვე დაკავებულია, 113 ადამიანზე კი დაკავების ორდერებია გაცემული.
დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.