უკრაინული მედიის ცნობით, 11 თებერვალს, ღამით, რუსეთის მხარე ირანული წარმოების უპილოტო საფრენი „შაჰედის“ ტიპის დრონებით თავს დაესხა 3 ენერგეტიკულ ობიექტს დნეპროპეტროვსკის რეგიონში. „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ არის მნიშვნელოვანი ზიანი.
დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ სერგეი ლისაკმა Telegram-ზე დაწერა:
„დნეპროპეტროვსკის რაიონში ღამემ განგაშით და დრონების თავდასხმებით ჩაიარა, ისინი ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას უმიზნებდნენ“.
გამოცემა „უნიანის“ ცნობით კი, დრონებმა დააზიანეს ორი ენერგეტიკული ობიექტი კრივოი როგისა და ერთი ნიკოპოლის რეგიონში.
ამ დროისათვის ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია. შეტევა მსხვერპლით არ დასრულებულა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით კი, რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ, გასული დღის განმავლობაში, 106 რაკეტა ისროლეს და 59 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, აქედან 28 სწორედ "Shahed-136" ტიპის დრონების გამოყენებით.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა, ისროლა 106 რაკეტა, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.
რუსულმა ძალებმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 136 880 ჯარისკაცი დაკარგეს, მათ შორის, 1 140 ბოლო 24 საათში, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 267 ტანკს, 6 474 ჯავშანტექნიკას, 2 279 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 295 საბრძოლო თვითმფრინავს და 286 ვერტმფრენს, 5 134 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 1 997 უპილოტო საფრენ აპარატს, 214 ერთეულ სპეცტექნიკას, 857 ფრთოსან რაკეტას.