ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე ნაწილობრივი დარღვევა დაადგინა. ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ ევროკონვენციის მე-5 მუხლის პირველი და მესამე პუნქტები დაირღვა. სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს უგულავას სასარგებლოდ, არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, 10 000 ევროს გადახდა დააკისრა.
ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ 2014 წლის ივლისში მომჩივნისათვის [გიგი უგულავასთვის] პატიმრობის პირველადი შეფარდებიდან 9 თვის გასვლის შემდგომ, მისი პატიმრობაში დატოვება კონვენციის დარღვევას წარმოადგენდა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების პრაქტიკა (ჯამში 9 თვეზე მეტი ხანი), საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა). გიგი უგულავა წინასწარ პატიმრობაში 14 თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდა.
ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ გიგი უგულავას პატიმრობის გაგრძელება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული ეროვნული სასამართლოების მიერ.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას გიგი უგულავა „ფეისბუკის“ პირად გვერდზე გამოეხმაურა.
„სტრასბურგის სასამართლოში ქოცებს მოვუგე კონვენციის მე-5 მუხლის 1 და 3 პუნქტები.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე დარღვევები ნაწილობრივ დაადგინა და სახელმწიფოს კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით:
დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) 2014 წლის 3 ივლისიდან 2015 წლის 2 აპრილამდე პერიოდში დაკავებისა და წინასწარი პატიმრობის საქმეზე;
დადგინდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა 2015 წლის 2 აპრილიდან 17 სექტემბრის ჩათვლით წინასწარი პატიმრობის საქმეზე;
დაირღვა მე-5 მუხლის მესამე პუნქტი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება);
მოგეხსენებათ, ამათ მე მრავალჯერ დამიჭირეს. 2020 თადუმაძე & კომპანიის განაჩენიც გასაჩივრებულია სტრასბურგში, წარმოებაში მიღებულია და იქაც გამარჯვებას ველოდები.
მთავარი რაც მიხარია არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ პრაქტიკულად ბეჭედი დაასვა 9 თვეზე მეტ ხანს წინასწარი პატიმრობის მავნე პრაქტიკას, რაზეც სალომე ზურაბიშვილი გვიხსნიდა - რომც შეიწყალოს სააკაშვილი, მას წინასწარი პატიმრობით ოცნება ისევ დაიჭერსო. ტყუილია ეს!“ - წერს უგულავა.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა. მასში ძირითადი აქცენტი გადაწყვეტილების იმ ნაწილზეა გაკეთებული, რომლის მიხედვით, სტრასბურგის სასამართლომ დარღვევები არ დაადგინა.
„სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, 2014 წლის ივლისში მომჩივნის დაკავება ეფუძნებოდა მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის დასაბუთებულ ვარაუდს, რომელიც დასტურდებოდა პროკურატურის მიერ მოპოვებული არაერთი მტკიცებულებით. ევროპული სასამართლო დაეთანხმა ეროვნული სასამართლოების მსჯელობას იმ ნაწილში, რომ მომჩივნის მხრიდან არსებობდა გამოძიებისთვის ხელის შეშლის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხეები.
სტრასბურგის სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მომჩივნის მტკიცება მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ უარყო მომჩივნის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს მთავარი მოტივი გამოძიების წარმოების და პატიმრობის გამოყენების კონტექსტში იყო პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორება. სასამართლომ განმარტა, რომ მაღალი პოლიტიკური სტატუსი არ ნიშნავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან იმუნიტეტის მინიჭებას. სტრასბურგის სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა ეროვნული სასამართლოების აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას და აღნიშნა, რომ არ ყოფილა წარდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც ეროვნული სასამართლოების დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ დააყენებდა. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ზემოხსენებული პროცესები არ ემსახურებოდა მომჩივნის პოლიტიკური სცენიდან გაყვანას“, - ვკითხულობთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
რაც შეეხება უგულავას საქმის იმ ნაწილს, რომელზეც ევროსასამართლომ დარღვევები დაადგინა, იუსტიციის სამინისტრო განმარტავს: „დღევანდელი გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ კონვენციის დარღვევა დაადგინა ორ ეპიზოდთან მიმართებით, რომელთაგან ორივე შემთხვევაში, ევროპული სასამართლოს კრიტიკის საგანს წარმოადგენდა 2015 წლამდე მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა.
კერძოდ, მომჩივნის დაკავების კანონიერებასთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ 2015 წელს მოქმედი კანონმდებლობით, არსებობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მიხედვით ცალ-ცალკე, პარალელურ ან თანმიმდევრულ სისხლისსამართლებრივ სამართალწარმოებაში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების პრაქტიკა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 15 სექტემბერს მიიჩნია საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლოს მიგნებები, და მიიჩნია, რომ 2014 წლის ივლისში მომჩივნისათვის პატიმრობის პირველადი შეფარდებიდან 9 თვის გასვლის შემდგომ, მისი პატიმრობაში დატოვება კონვენციის დარღვევას წარმოადგენდა. ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ მომჩივნის განგრძობადი პატიმრობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული ეროვნული სასამართლოების მიერ.
აღსანიშნავია, რომ ორივე საკითხი დღესდღეობით მოქმედი კანონმდებლობითა და პრაქტიკით არის აღმოფხვრილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიცვალა პარალელურად მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე პატიმრობის შეფარდების პრაქტიკა. გარდა ამისა, განგრძობადი პატიმრობისას, დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ავტომატურად, ორ თვეში ერთხელ ხდება პატიმრობის გაგრძელების საჭიროების გადასინჯვა".
სამინისტროს განცხადებაში აღნიშნული არ არის, რომ საქმეზე „უგულავა საქართველოს წინააღმდეგ“, მომჩივნის სასარგებლოდ, საქართველოს 10 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ პირველი სასჯელი 2017 წლის 6 იანვარს მოიხადა, მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე სახელმწიფო სახსრების (4.1 მილიონი ლარის) გაფლანგვის მუხლით საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წელს მისჯილი (4 წელი და 6 თვე) საპატიმრო სასჯელი, 1,3 წლით პატიმრობამდე შეუმცირა და დამნაშავედ ცნო არა გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.
მოგვიანებით, 2020 წლის 10 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ იმდროინდელი გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან" 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების შემდეგ, გიგი უგულავა ამავე წლის 15 მაისს შეიწყალა.