რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ საქართველომ თავად მიმართა რუსეთს საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის თხოვნით. როგორც გამოცემა "ვესტნიკ კავკაზა" წერს, ჯაბაროვის განცხადებით, მიმართვა რამდენიმე კვირის წინ გაკეთდა და საუბარი იყო რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის“ რეისების აღდგენაზე.
ინფორმაციის გადასამოწმებლად, რადიო თავისუფლება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ოფიციალური არა, მაგრამ აქამდე არსებული ინფორმაციით, ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის მოთხოვნა რუსეთის პრეზიდენტს „ვლადიმირ პუტინს ქართველი ხალხის სახელით" გაუგზავნეს. ამის შესახებ 19 იანვარს განაცხადა ავიაკომპანია Georgian Airways-ის ყოფილმა დირექტორმა, ამჟამად მოსკოვის და საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის გენერალური დირექტორმა რომან ბოკერიამ გადაცემაში „საქმის კურსში“.
მისი თქმით, ავიამიმოსვლის აღდგენის თემა, გასული წლის 7 დეკემბერს მოსკოვში გამართულ ფორმულაზე განიხილეს, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბოკერიას სიტყვებით, 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაც, ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ამ მიმართვის შედეგია.
„7 დეკემბერს რუსეთში შედგა შეხვედრა, სადაც განვიხილეთ და რუსებს ვთხოვეთ, რომ უბრალო ხალხს, ქართველებს ფრენების აღდგენა გვჭირდება. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება რუსეთის ხელმძღვანელობას გადაეგზავნა. გუშინ კი გავიგეთ მზადყოფნა [იგულისხმება ლავროვის განცხადება] რომ რეისები აღდგეს“,- განაცხადა რომან ბოკერიამ.
მისი თქმით „ქართველი ხალხის თხოვნა“, "რუსეთში მცხოვრები ქართველების" სახელით გაიგზავნა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველოს მთავრობა „ვაჟკაცობისთვის“, რომ დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, არ უერთდება რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს. ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შეძლებენ.
19 იანვარს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხზე ილაპარაკა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან ტელეკომპანია „იმედის" ეთერში თქვა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.
რუსეთთან, ფრენების აღდგენის წინააღმდეგია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის 2019 წლის 8 ივლისს შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები აეკრძალათ.
პუტინის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები. საქართველოს მოქალაქეების აღშფოთება და საპროტესტო აქცია გამოიწვია პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაში რუსეთის სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მონაწილეობამ და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებამ.