ამერიკულმა კომპანია SpaceX-მა მიიღო ზომები, რათა უპილოტო თვითმფრინავების სამართავად, უკრაინელმა სამხედროებმა ვერ შეძლონ სატელიტურ ინტერნეტ Starlink-ის გამოყენება. სააგენტო Reuters-ი კომპანიის პრეზიდენტ, გვინ შოტველზე დაყრდნობით წერს, რომ სატელიტური ინტერნეტი Starlink-ი, რომლითაც უკრაინელი სამხედროები რუსეთისგან თავდაცვის მიზნით იყვნენ უზრუნველყოფილნი, „არასოდეს არ იყო გათვალისწინებული იარაღად გამოყენებისთვის“.
უპილოტო თვითმფრინავების მიერ Starlink-ის გამოყენება სცილდება კომპანია SpaceX-ის მიერ უკრაინის მთავრობასთან დადებულ შეთანხმებას, თქვა შოთველმა და დასძინა, რომ ხელშეკრულება განკუთვნილი იყო ჰუმანიტარული მიზნებისთვის, როგორიცაა ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდება რუსეთის ინტერვენციის შედეგად დაზარალებული საავადმყოფოების, ბანკებისა და ოჯახებისათვის.
"ჩვენ ვიცით, რომ სამხედროები მას კომუნიკაციისთვის იყენებენ და ეს ნორმალურია. მაგრამ ჩვენ არასდროს გვინდოდა, რომ ის შეტევის მიზნით გამოეყენებინათ,"- განაცხადა გვინ შოტველმა, მაგრამ არ დაუზუსტებია, თუ რა ზომებს მიმართა კომპანია SpaceX-მა უკრაინელი სამხედროების სატელიტურ ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვის თვალსაზრისით.
თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აშშ-მა და ილონ მასკმა კიევს Starlink-ის ათასობით სისტემა გადასცეს. ამან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალება მისცა, კავშირი დაემყარებინა ე.წ მკვდარ ზონაში. Yahoo News-ის თანახმად, ენერგოეფექტური სატელიტური მიმღებების მეშვეობით, უკრაინას საშუალება მიეცა, მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატებით რეალურ დროში მიეღო ინფორმაცია რუსული ძალების გადაადგილების და მათი სამიზნე ობიექტების შესახებ.
ასევე ნახეთ
ილონ მასკს აღარ სურს, გააგრძელოს უკრაინისათვის Starlink-ის დაფინანსება - CNNმაგრამ გასული წლის სექტემბერში ილონ მასკის კომპანია Space X-მა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აცხადებდა, რომ ვეღარ გააგრძელებს უკრაინაში Starlink-ის სათანამგზავრო კავშირის ტერმინალების გაგზავნას და პენტაგონს სთხოვს, საკუთარ თავზე აიღოს მისი დაფინანსება. ამის შესახებ იუწყება ტელეკომპანია СNN-ი.
მოგვაინებით ილონ მასკმა შეცვალა პოზიცია და განაცხადა, რომ მისი კომპანია SpaceX-ი აგრძელებს სატელიტურ კავშირ Starlink-ის საფასურის გადახდას უკრაინისთვის.