მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პირობას დებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ამნისტიის კანონს არ მიიღებენ, "ეს გამორიცხულია", - უთხრა მან ჟურნალისტებს პარლამენტში კომენტარისას.
"ამნისტია არის ისეთი კანონი, რომელიც უნდა შეეხოს პირთა აბსტრაქტულ წრეს. არ შეიძლება, ერთ ადამიანს შეეხოს ეს კანონი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ პრინციპებს... მე პირობას ვდებ ქართული საზოგადოების წინაშე, რომ სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება პარლამენტის მიერ გამორიცხულია", - თქვა კობახიძემ.
მოგვიანებით, მან აღნიშნა ისიც, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფ 9 ათასივე პატიმარს "იმდენი ადამიანი არ გაუმწარებია, რამდენიც მიხეილ სააკაშვილმა გაამწარა".
"9 ათასივე პატიმარი, რაღაც დოზით, თუნდაც ყველაზე მძიმე პატიმრები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, შეიძლება იწვევდნენ თანაგრძნობას, რა თქმა უნდა, ადამიანური ფაქტორია, მაგრამ ჰუმანიტარული მოსაზრებით 9 ათასივე პატიმრის გათავისუფლება გამორიცხულია... ამდენი ადამიანი არ გაუმწარებია არცერთ პატიმარს, რამდენიც გაამწარა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებაზეა ლაპარაკი?!"
ამნისტიის კანონზე რომ "თეორიულად მსჯელობს", ეს ირაკლი კობახიძემ გუშინ, 8 თებერვალს განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუკი მიხეილ სააკაშვილი პირობას დადებს, რომ მას არ აინტერესებს ქართული პოლიტიკა?.. კობახიძემ კითხვითვე უპასუხა:
"დანაშაულის აღიარების გარეშე? უკვე ჩავწიეთ ეს თემა. მთავარი არის დანაშაულის აღიარება და ამის რესურსი სააკაშვილს არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ მას ჩადენილი აქვს მილიონი უბედურება ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. [...] ხომ ხედავთ, რამდენად აბსურდულია ეს [პრეზიდენტის] განცხადება. შეიძლება, იყოს ოცნებების სფეროდან. [მიხეილ სააკაშვილის] დანაშაულების აღიარება უბრალოდ წარმოუდგენელია, ამას ვერ იზამს, ეს ნიშნავს სრულ მორალურ კრახს.
ჩვენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას გვთხოვენ, მაგალითად, გვთხოვენ ამნისტიის კანონს, სხვა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ. თეორიულად, შეიძლება, პარლამენტი შეიკრიბოს და მიიღოს ამნისტიის კანონი. ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ბერკეტი, რაც აქვს "ქართულ ოცნებას", - ამას განიხილავთ თუ აღიარებს [დანაშაულს?]? - დაზუსტება სთხოვა ჟურნალისტმა, რაზეც კობახიძემ ასე უპასუხა: "არა, მე თეორიულად ვმსჯელობ ახლა... ამ კაცს არ აქვს იმის რესურსი, რომ აღიაროს...".
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: ამ ორმხრივ დისკრედიტაციას ვერანაირი პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის